3-12-2020
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების, მოპოვებული მტკიცებულებებისა და წარდგენილი შუამდგომლობების საფუძველზე, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა 7 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინეს.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეებზე ჩაატარა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულთა უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.
"საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებითა და სასამართლოს გამამართლებელი განაჩენებით დადგენილი იქნა შემდეგი:
2010 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ,,საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი - გიორგი შერაძე, მისი პირველი მოადგილე - შოთა მაისურაძე და მოადგილე - გურამ ჩიჩუა. მათ მსჯავრი დაედოთ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ,,მუხრანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სესხის ნაწილის - 2 138 300 ლარის გაფლანგვისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით - გიორგი შერაძე, შოთა მაისურაძე და გურამ ჩიჩუა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ პირებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმების სანაცვლოდ.
გიორგი შერაძის, შოთა მაისურაძის და გურამ ჩიჩუას მსჯავრდების საქმეების ხელახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ მათ მიერ ადგილი არ ჰქონია ჩატარებული სამუშაოების პროცესში, გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაფლანგვას. უფრო მეტიც, მათ მიერ მასალების შეძენა განხორციელდა არსებულ საბაზრო ფასებზე ნაკლებ ფასად, ხოლო ხარისხი და ელექტროგადამცემი სადენების ტექნიკური მახასიათებლები, რიგ შემთხვევებში აღემატებოდა პროექტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, რაც თავის მხრივ, შეთანხმებული იყო დამკვეთთან.
რაც შეეხება ნიკოლოზ კიკვილაშვილს, მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2008 წლის 11 ივნისს, ნიკოლოზ კიკვილაშვილი იმყოფებოდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მიმდებარე ტერიტორიაზე (შემდგომში პოლიტპატიმრად ცნობილ) თემურ ნაოჭაშვილთან ერთად, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება შსს სამმართველოს თანამშრომლების მიერ. 2009 წლის 19 მარტს ნიკოლოზ კიკვილაშვილი გასამართლებული იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისთვის და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების შედგენა. ასევე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა მისი და თემურ ნაოჭაშვილის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მათი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიტპატიმარ თემურ ნაოჭაშვილის მიმართ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, ასევე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და სრულად გაიზიარა ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები.
2007 წლის 29 ნოემბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისიდან გორის მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ გაჩერებულ იქნა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს, კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ბუხრაძე, თანამშრომელთან, ჯ.მ.-სთან ერთად. საქმის მასალების მიხედვით, დავით ბუხრაძის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით. 2007 წლის 30 ნოემბერს დავით ბუხრაძეს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მასვე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2008 წლის 17 ოქტომბერს, მხარეებს შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რაც იმავე დღეს დამტკიცდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში და დავით ბუხრაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, გამოვლინდა ახალი გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი დავით ბუხრაძის მსჯავრდების საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე და დადასტურდა მისი უდანაშაულობა. კერძოდ ახალი გამოძიების ფარგლებში დაკითხვისას დავით ბუხრაძემ დეტალურად აღწერა მის დაკავებამდე განვითარებული მოვლენები და დაკავების პროცესი. დადგინდა, რომ დაკავების დღეს დ.ბუხრაძე დაბარებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სადაც გამოცხადდა თავის თანამშომელთან ერთად და სწორედ იქიდან სამსახურში დაბრუნებისას მოხდა მისი დაკავება. დადგენილი და დაკითხული იქნა მისი თანმხლები პირი, რომელმაც დაადასტურა დავით ბუხრაძის უდანაშაულობის ფაქტი. ასევე დამატებით მოპოვებული იქნა ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებები და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დადგინდა, რომ დავით ბუხრაძის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის ე.წ ,,ჩადების“ ფაქტს.
2007 წლის 27 აგვისტოს მ.ბ-ს წარედგინა ბრალდება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებასა და თაღლითობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. 2007 წლის 29 აგვისტოს მ.ბ-სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მას შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც შეეცვალა პირობით/გამოსაცდელი ვადით, ასევე მას აეკრძალა 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმის 50 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმეზე ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა-ანალიზით დადგინდა, რომ საქმეზე არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდებოდა მ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო საქმეზე მოპოვებული ახალი მტკიცებულებების ანალიზისა და სასამართლოზე მათი გამოკვლევის შედეგად, მ.ბ-ს მიმართ დადგენილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.
2004 წლის 20 ოქტომბერს, ვ.კ. პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისთვის რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის II ნაწილითა და 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ პუნქტით. 2004 წლის 22 ოქტომბერს, ვ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება სამი თვის ვადით. 2004 წლის 17 დეკემბერს ვ.კ-თან დაიდო საპროცესო შეთანხმება, რის შედეგადაც ვ.კ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 332-ე მუხლის II ნაწილითა და 218-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
საქმეზე ხელახალი გამოძიების პროცესში, ვ.კ-ს მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის განჩინება, რომლითაც რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ვ.კ-ს მიმართ, სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა. ასევე გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგინდა, რომ ვ.კ-ს არ უნდა წარდგენოდა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, და იგი უნდა გათავისუფლებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამდენად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ვ.კ-ს უკანონო მსჯავრდებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, დაზარალებულად ცნობილია 380 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54,500,000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 87 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 77 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი" - აცხადებენ პროკურატურაში.