გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა იყოს 95% და 95% თუ გვექნება, გაძლევთ პირობას, საახალწლოდ, სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა

10-12-2020

ჩვენ, ყოველკვირეულად, უფრო ფართო შეჯამებას მოგახსენებთ ხოლმე, რადგან ამას მნიშვნელობა ექნება, 24-ის შემდგომ გამოცხადებულ გარკვეულ შემსუბუქებასთან მიმართებაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია შემზღუდველი ღონისძიებების ფარგლებში. ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95% გვექნება, სერიოზულად შეიძლება დასტაბილურდეს მდგომარეობა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ექიმები, ყოველთვის უფრო რადიკალურები ვართ. მე ვფიქრობ, რომ ეს შემზღუდველი ღონისძიებები უკვე მოქმედებს, ეფექტს იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩანს შემთხვევების რაოდენობის ოდნავ სტაბილიზაციაში, მიუხედავად ტესტირების ზრდისა და ასევე, ქვემოთ დაიძრა დადებითობის მაჩვენებელი. ამან უნდა მოგვცეს ოდნავი, მაგრამ არა დიდი ოპტიმიზმი, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია შემზღუდველი ღონისძიებების ფარგლებში.

პირველ რიგში, კარგია, რომ 10%-ით გავზარდეთ, 55-დან 65-მდე, პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. 95% თუ გვექნება, მაშინ გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ, სერიოზულად შეიძლება დავასტაბილუროთ მდგომარეობა, მაგრამ იმ პირობით, რომ თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, პირბადის ტარება, დღეს, ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიებაა - თუ ჩვენ ვართ ინფიცირებული, სხვას არ გადავდებთ, ან თუ სხვა არის ინფიცირებული, შენ არ გადმოგედება ინფექცია.
მოგეხსენებათ, გუშინ იყო შეხვედრა ჩვენს თანამემამულე ექსპერტებთან, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩართული და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი იყო განხილული. იცით, რომ ევროპის უმრავლესი ქვეყნებში და დღეს ამერიკის კონტინენტის შემდეგ, ევროპა, მოგეხსენებათ, გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მაღალია, ყველგან სიტუაცია დაძაბულია. ყველგან თავს იკავებენ შემსუბუქებისგან და შემზღუდველი ღონისძიებები გრძელდება საშობაოდ და საახალწლო პერიოდში. თითქმის ყველგან, პირბადის ტარების მაჩვენებელი 90-95 პროცენტის ფარგლებში აქვთ აყვანილი. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ჩვენ თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ ერთ კვირაში 75-ზე, შემდეგ 80-ზე, შემდეგ 90-ზე, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევაკავებთ ინფექციის გავრცელებას, ამიტომ, ეს უმორჩილესი თხოვნაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.