გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება

22-12-2020

„საბაზო სცენარის მიხედვით, რომელიც დღეისთვის არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა, ინფლაცია 2021 წლის პირველ კვარტალში მიზნობრივი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება, 2021 წლის მე-2 კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოცდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. რეალური მშპ 2020 წელს 5%-ით შემცირდება, თუმცა, ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების ფონზე, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ის - ძირითადად, მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე - 5%-ით გაიზრდება,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატებს 2021-2023 წლების ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად ალტერნატიულ სცენარსაც გაგაცნობთ. ეს სცენარი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის უფრო მწვავე და ხანგრძლივ შემთხვევას გულისხმობს. ამის მიზეზი შესაძლოა ვაქცინაციის პროცესის გახანგრძლივება და/ან ვირუსის შიშის გამო საერთაშორისო მოგზაურობისგან თავშეკავება გახდეს. ამ მხრივ საყურადღებოა რამდენიმე ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც არსებულ ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ სცენარის მიხედვით, ვაქცინის ხელმისაწვდომობის შეფერხება ქვეყნებს შორის მიმოსვლის შეზღუდვას გაახანგრძლივებს და გლობალურად ტურიზმი კიდევ უფრო მეტად დაზარალდება, რაც საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ეკონომიკის ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, ინფლაცია, საბაზო სცენართან შედარებით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის გაღრმავება მთლიან მოთხოვნას უფრო მეტად ასუსტებს და ფასებს შემცირებისკენ უბიძგებს, ის მიმდინარე ანგარიშის ბალანსსაც აუარესებს. ამ სცენარის მიხედვით, საბოლოო ჯამში, ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 2.0 პპ-ით უფრო მაღალი იქნება.

ამის საპასუხოდ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, მონეტარული პოლიტიკა, საბაზო პროგნოზთან შედარებით, უფრო მეტად გამკაცრდება. ინფლაციის შემცირების შემდგომ კი, მონეტარული პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში კვლავ შერბილდება. საბოლოოდ, მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირების შედეგად, საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.