24-12-2020
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ ღია კარის დღეების გამართვას აგრძელებს. ამჯერად ცენტრმა ღია კარის დღე თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ხარაგაულისა და ჭიათურის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის გამართა. შეხვედრების მთავარი მიზანი აბიტურიენტებისათვის გამოცდების შესახებ მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებაა.
აბიტურიენტები საინფორმაციო შეხვედრაში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ კითხვებს 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა უპასუხეს. კითხვები ძირითადად შეეხებოდა საგამოცდო პროცესსა და კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.
ცენტრის წარმომადგენლებმა აბიტურიენტებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება გამოცდებისათვის მზადების პროცესში, ასევე რა უნდა გაითვალისწინონ რეგისტრაციისა თუ საგანმანთლებლო პროგრამის არჩევისას.
ღია კარის დღეზე დასმული კითხვები პასუხებთან ერთად გამოქვეყნდა ცენტრის ვებგვერდზე: https://naec.ge/#/ge/post/2289
შეხვედრები მოსწავლეებისათვის კარგად ნაცნობი პროგრამის Microsoft Teams-ის საშუალებით ტარდება. კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით არიან გადანაწილებულნი. შეხვედრები ზამთრის არდადეგების დასრულების შემდეგ განახლდება. დეტალური ინფორმაცია კი რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.