გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და უპასუხისმგებლო ქმედებებს ვერ ავყვებით

24-12-2020

ჩვენ არაორდინარულ გარემოში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება; გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ყველა ამ გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

გიორგი გახარიას შეფასებით, სამწუხაროა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, ვინაიდან „ერთად“ ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღ დისკუსიასა და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს. ვერ გავაჩერებთ ქვეყანას მარტივი მიზეზის გამო - ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები. როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. პასუხისმგებლობა ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო - ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის და ეს აბსოლუტურად სწორად გვაქვს გააზრებული. ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ - თუ არ გვეხმარებით, ქვეყნისთვის ძალზედ მწვავე დროს, რეალური გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით. ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით. არავინ არის კრიტიკის წინააღმდეგი და კრიტიკის არავის ეშინია, მაგრამ ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას. ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად სახელმწიფოს დელეგიტიმაცია არის უაღრესად რისკის შემცველი ნაბიჯი, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის მომავალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვიწევს გამკლავება გამოწვევებთან და პრობლემებთან, გლობალური პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იქნება საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი, იქნება წელი, როდესაც საქართველო შეძლებს იმ გლობალურ პოსტკოვიდურ ეკონომიკურ კონკურენციაში თქვას თავისი ძალზედ მნიშვნელოვანი სიტყვა, როგორც რეგიონში, ასევე - გლობალურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.