15-03-2018
ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა და წყალმომარაგების ქვეკონტრაქტორი კომპანია smk-ს მიერ მათ ქუჩაზე წყლის მილების გაყვანა გააპროტესტა.
ადგილობრივების განცხადებით, მათ ქუჩაზე წყლის მილები ორი წლის წინ შეიცვალა და წყლის პრობლემა არ აქვთ, ამიტომ გაუგებარია, რატომ ხდება მილების შეცვლა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსად სხვა ქუჩებისა, სამუშაოების შემდეგ კომპანია გზის საფარას არ აღადგენს, ამიტომ, არ დაუშვებენ ქუჩის გადათხრას.
აქციას შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობა". ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, ეს არის კორუფციის მაგალითი და კარგად ჩანს, როგორ ხდება ფულის არამიზნობრივი ხარჯვა. გიგა შუშანია პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
კომპანია smk- ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუჩაზე ახალი, სხვა სისქის მილების გაყვანა ხდება, რის გამოც დაიწყო სამუშაოები.
აქციის გამო დღეს ქუჩაზე სამუშაოები შეჩერდა.
"ინტერპრესნიუსი"