გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანი: პროგრესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განათლების სფეროში მიაღწია, სათანადოდ დასაფასებელია

24-12-2020

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, მადლობა გადაუხადა რაიონებსა და დედაქალაქში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს.

„ჩვენ კიდევ ერთად გავიმარჯვეთ და ამ გამარჯვებაში თქვენი დიდი წვლილია. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით დღეს 24 დეკემბერს, თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ვისთვისაც დგება დიდი დღესასწაული, ქრისტეშობის დღე მივულოცო. ვუსურვო ჯანმრთელობა, ვუსურვო ბედნიერება და წარმატებები ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის სფერო შევიცვალა, ის დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომლის გულშემატკივარი და, სადაც საჭირო იქნება, დამცველიც.

მან ისაუბრა საზოგადოების ინტერესების შესაბამის რიგ გამოწვევებზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. „ამისათვის ჩვენ ამ დარბაზში უნდა გვქონდეს მრავალი საათი, რომ ყველაფერს შევეხო და ვისაუბრო მაგალითად იმაზე რომ, საბავშვო ბაღებს გადატვირთულობა აწუხებთ; ზოგიერთს ასევე აწუხებს ის, რომ საბავშვო ბაღი მის დასახლებულ პუნქტში არ არის; ზოგს სამართლიანად აწუხებს, რომ არ შეიძლება ყველაფერს, რასაც ზედ დააწერ, რომ კერძო საბავშვო ბაღია - საბავშვო ბაღი ეწოდოს; რომ კვალიფიციური კადრები როგორც კერძო, ის, საჯარო საბავშვო ბაღებში არის აუცილებელი, რომ ბავშვებთან მივუშვათ. მე ვერ ვისაუბრებ დეტალურად აქ და ახლა იმაზე, როგორია წინასასკოლო მზაობის საკითხი იმიტომ, რომ ძალიან ღრმა ანალიზი და ფსიქოლოგიურ- პედაგოგიური პრობლემატიკის მსჯელობა სჭირდება. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში ვიმუშავეთ და სამთავრობო გუნდთან ერთად, პარლამენტის მხარდაჭერით, შევქმენით შშმ პირთა შესახებ საქართველოს კანონი. სასწავლო პროცესში განუხრელად უნდა იყოს დაცული შშმ პირთა უფლებები“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ისაუბრა, თუ რა უნდა იყოს რესურსცენტრების რეალური როლი. „დრო გადის გარემოებები იცვლება და ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება სტატიკური სტრუქტურები. რა არის უმაღლესი განათლების პრობლემატიკა და გამოწვევები, სტატუსშეჩერებული სტუდენტების ფრუსტრაცია, ოჯახების გაჭირვება და იმედგაცრუება პოსტკოვიდურ თუ კოვიდურ კრიზისში. იმაზე, რომ სკოლაში და არა მხოლოდ სკოლაში მშობელი და მასწავლებელი უნდა იყოს პარტნიორი და ამის გარეშე არ არსებობს წარმატებული აღზრდა-განათლება“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ისაუბრა ასევე მეცნიერების, როგორც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კაპიტალისა და პოტენციური სიმდიდრის შესახებ, რომ მსოფლიო ბაზარზე მაღალ კონკურენციაში ქართულმა მეცნიერებამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

„პროგრესი, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განათლების სფეროში მიაღწია, ეს არის სათანადოდ დასაფასებელი, რაც არ უნდა მოწონდეს ან არ მოწონდეს ვინმეს ეს, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის ის, ვინც ამ სფეროში გიგანტური ნაბიჯებით იარა წინ, თუმცა არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ეს საკმარისი არ არის და უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალში იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს და ვიყოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით შემსრულებლები. რა გავაკეთეთ, კარგია, მაგრამ როგორც ჩვენი დიდი სპორტსმენები იტყვიან, ახლა დროა უფრო მაღლა, უფრო სწრაფად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან ერთად“, -განაცხადა თეა წულუკიანმა. მან ისაუბრა, განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენ გვინდა, რომ აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი ადამიანი. თუმცა როგორ შეიძლება იყოს ადამიანი კონკურენტუნარიანი, თუ ჩვენი სკოლის სახელმძღვანელოებში არაერთი ცდომილება და ფაქტობრივი შეცდომაა ჩვენი სამშობლოს ისტორიასთან დაკავშირებით. არის თემები, რაზეც გამოძიებები დავიწყეთ. სახელმძღვანელოები კი ამ თემებზე სხვაგვარად საუბრობენ. ასევე გადასახედია სახელმძღვანელოების ის ადგილები, რომლებიც მშობლების კრიტიკას იწვევს. ამ სახელმძღვანელოებში უფრო მეტად უნდა იყოს ის, რაც არის ჩვენთვის მთავარი - სახელმწიფოს ეროვნული სულისკვეთება. ეროვნული თვითშეგნების გარეშე ძნელია გაიმარჯვოს ბრძოლაში ოკუპირებულმა პატარა ქვეყანამ. ძნელი იქნება, საქართველო იყოს ძლიერი, თუ მასში არ იცხოვრებენ თავისუფალი ახალგაზრდა თაობები, რომლებმაც იციან, საიდან მოდიან. თავისუფლება კი ძნელად მოდის მაშინ, როცა ზედაპირულ ცოდნასთან გვაქვს საქმე და როცა დღეს ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად იკიდებს ფეხს დაზეპირებული ცოდნის მოდა. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე თანამედროვეობასთან ჰარმონიაში მყოფ ახალგაზრდად წარმოგვიდგენია.მაგრამ მან უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის წარსული, სად არის მისი ფესვები“, -განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რას ნიშნავს ომი, შეეძლოთ ქართული და აფხაზური ენის დაცვა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტრენდების ხანაში. არის ტრენდები, რომელიც კარგია, მაგრამ არის ტრენდებიც, რომელიც მავნებლურია. ტრენდად ჩამოყალიბდა ის, რომ ქართულად საუბრისას რაც უფრო მეტ უცხოურ სიტყვას გამოიყენებ, უკეთესია. მავნებლური ტრენდია, მაგალითად, რომ თავისუფლება აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას ნიშნავს. თავისუფლება თითქმის ყველაფრის უფლებაა და ამ „თითქმის“ შინაარსი რა არის, ეს უნდა ვასწავლოთ ბაღში, სკოლაში და შემდეგ დავხვეწოთ მისი შინაარსი უმაღლეს სასწავლებლებში. მავნებლურია ტრენდი იმის შესახებ, რომ სიტყვა „სამშობლო“ ჩამორჩენილი, არამისაბაძი ადამიანების ლექსიკაშია შემორჩენილი“, -განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, დღეს ანტისახელმწიფროებრივი იდეები თავისუფლებად არის მონათლული. მისივე მოსაზრებით, ხარისხიანი განათლების გარდა, განათლებისა და კულტურის სისტემები ამაზეც უნდა მუშაობდნენ.

„პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მტკივნეული დარტყმა მიაყენა კულტურის ყველა მიმართულებას. ეს ზიანი ერთად უნდა გავზომოთ, რადგან ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე ქართულ კულტურას ქმნიან, კოვიდ კატასტროფის პირობებში არიან. ამ შედეგების ლიკვიდაციისთვის არ მგონია, რომ კლასიკური მეთოდები გვეყოფა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, თუ საამისოდ არსებული ინსტრუმენტები არ გვეყოფა, ისინი უნდა გამოვიგონოთ, რომ მათ შვება მიეცეთ. მან ასევე ისაუბრა კულტურის მნიშვნელობაზე ადამიანის პიროვნული განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით.