გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომის საკრებულომ მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი მეექვსედ უთხრა

16-03-2018

16 მარტს აღარ გაიმართება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მეექვსედ უნდა განეხილათ მერიის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების და მერის მოადგილეებისა და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხი.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ მერიას დოკუმენტი ისევ უკან დაუბრუნა. კომისიის თავმჯდომარის თედორე მელიქიძის თქმით, საკრებულოს წევრები კვლავ არ დაეთანხმნენ ხელფასების გაზრდას მერიის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.

საკრებულო მერიას სთავაზობს, მერის მოადგილეების ხელფასი 2000 ლარიდან გაიზარდოს 2200 ლარამდე და არა 2600 ლარამდე, როგორც ამას მერია ითხოვს. სამსახურების უფროსების კი 1550 ლარიდან გაიზარდოს 1700 ლარამდე მოთხოვნილი 2000 ლარის ნაცვლად, განყოფილების ხელმძღვანელების კი 1400 ლარამდე.

საკრებულოდან ხუთჯერ უარის თქმის შემდეგ მერმა თვითონ განაცხადა, რომ საკუთარი ხელფასის გაზრდას აღარ მოითხოვდა, თორემ მანამდე მერიც ითხოვდა ანაზღაურების გაზრდას 2650 ლარიდან 3500 ლარამდე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი გეგმიური სხდომა 28 მარტისთვის არის დაგეგმილი. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო არც ამ სხდომაზე დაამტკიცებს მერიის საშტატო ნუსხას, მერიის თანამშრომელები ხელფასს ვერც მარტში აიღებენ. მათ იანვარ-თებერვლის ხელფასიც არ მიუღიათ.

„თუ საკრებულო მერიის ახალ საშტატო ნუსხას არ დაამტკიცებს, ეს იქნება საბოტაჟი და მცდელობა იმისა, რომ მუნიციპალიტეტში კრიზისი ხელოვნურად გამოიწვიონ“, - აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს. 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც, რომლის თანამდებობიდან გადადგომასაც ფრაქცია "ქართული ოცნება" და ბორჯომის მერიის თანამშრომლები ითხოვენ. ამ და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერი და მერიის თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ კიდეც.

reginfo.ge