16-03-2018
კახეთში ბავშვების ლეიშმანიოზით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ.
უწყებაში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით ამ დაავადებით უფრო მეტი ბავშვია ინფიცირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი მერაბ იოსავა აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელია რეგიონებში დაავადების შემთხვევებმა მოიმატა.
,,ჩვენი სამსახური აქტიურად აწარმოებს ლეიშმანიოზით დაავადების სტატისტიკას. ათეული წელია ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ადრე კახეთში საერთოდ არ ფიქსირდებოდა მსგავსი დაავადების გავრცლება. ძირითადად დაავადება ფიქსირდებოდა თბილისში. რამდენიმე წელია დაავადებამ რეგიონებში გადაინაცვლა. გასულ წელს კახეთში 6 შეთხვევა დაფიქსირდა: თელავში - 2, გურჯაანში - 1, ყვარელში - 2 და საგარეჯოში - 1. 2018 წლის 2 თვის მონაცემებით თელავში 1, დედოფლისწაროში 1 და ყვარელში 1 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება", - განუცხადა Knews.ge-ს მერაბ იოსავამ.
მისივე ინფორმაციით, ლეიშმანიოზი ბავშვების გარდა, აქტუალური პრობლემაა ძარლებშიც.
"ადამიანის დაავადება შემდეგნაირად ხდება: ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს მწერი ფლებოტომუსი კბენს, რომელიც შემდეგ კბენს ადამიანს და დაავადების გამომწვევს გადასცემს. ამიტომ ლეიშმანიოზს ტრანსმისიულ დაავადებას უწოდებენ. ლეიშმანიოზი ძაღლებში ძალზე აქტუალური პრობლემაა. თავდაპირველად მათ, როგორც წესი, არაფერი ეტყობათ, შემდეგ ეწყებათ ბეწვის ცვენა, წონის კლება, სისხლდენა, უჩნდებათ წყლულები. პატრონები ხშირად სწორედ ამ დროს ამჩნევენ დაავადებას. ავადმყოფობის შემთხვევები, წესისამებრ, ზამთარში ან გაზაფხულის დამდეგს იმატებს. ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლის განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. არსებობს რეკომენდაცია, იგი დააძინონ'',- განუცხადა აღნიშნა მერაბ იოსავამ.