გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გუდაურში დაშავებულებს მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟებთ – ქუმსიშვილი

17-03-2018

გუდაურში დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ მომავალ წელს საქართველოში დავპატიჟებთ, რაზეც დაგვთანხმდნენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელმაც ღუდუშაურის კლინიკაში დაშავებულები მოინახულა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა დაშავებულმა, რომელიც კლინიკიდან დღეს დილით გაეწერა, გუდაურში დაბრუნება ითხოვა.

„კურორტი გუდაური მუშაობს, ისევე როგორც ყველა დანარჩენი საბაგირო. ადამიანები სრიალებენ და აუცილებლად უნდა გააგრძელონ დასვენება. ჩვენ დღეს მონახულებისას დაშავებულებს შევთავაზეთ, რომ შემდეგ წელს საქართველოში დავპატიჟებთ და დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გუდაურში მომხდარი ფაქტის შესასწავლად საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ. მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან მიმდინარეობს.

„მომივიდა შეტყობინება, რომლითაც დადასტურდა, რომ დღეს ღამე ჩამოვა კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული ჯგუფი. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა. მათთან ერთად დაიწყება კვლევისა და ძიების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს. „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები გუდაურში, ალბათ, დღეს ავლენ, თუმცა მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, შეეხონ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შეუძლიათ, ვიზუალურად დაათვალიერონ ადგილი“, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ 16 მარტს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები. 7 ადამიანი თბილისში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ტურისტი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს. დაშავებულთა შორის შვედეთის მოქალაქე ორსული ქალიცაა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 5 პაციენტი რჩება, მათგან ერთს რეანიმაციაში მკურნალობენ.

reginfo.ge