გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარიამ და ვენდი მორტონმა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლი განიხილეს

15-02-2021

ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები, რეგიონული ვითარება და საქართველოს როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში იყო მთავარი თემები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ გაერთიანებული სამეფოს მინისტრთან ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებას და ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე შავი ზღვის ფართო რეგიონის კონტექსტში და ამ კუთხით გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას პოსტ-ბრექსიტის ეტაპზე. პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრისას ასევე აღინიშნა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაერთიანებული სამეფოს როლს ვაქცინების გლობალური ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაში.

მთავრობის მეთაურმა ვენდი მორტონს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მინისტრმა ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა.