19-03-2018
ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მიერ ექსპლუატირებული ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა. ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
„მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მისი განცხადებით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი სრულიად უვნებელია და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად“ - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.