გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 16,5 პროცენტით იკლო

21-02-2021

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 762.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.5 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.2 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 538.1 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარში, 313.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (34.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (27.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (26.9 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: ჩინეთი (99.6 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (92.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (55.6 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა კი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 76.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ჩინეთი (126.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (114.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (86.2 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ვნობითვე, 2021 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 49.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 24.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 23.3 მლნ. აშშ დოლარით (10.4 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადების სახით, რომლის იმპორტმა 46.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის 40.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 36.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი).