გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ფაროსანას წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში 5 საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს

20-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდში 4 რეგიონის - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან დავითაშვილმა იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა.

„ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა გვაქვს მობილიზებული. საველე ღონისძიებებს ჩავატარებთ მონიტორინგის შესაბამისად. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას აკეთებს სახელმწიფო და რას აკეთებს მოსახლეობა, იმიტომ, რომ ეს კითხვა ხშირად ისმის. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებს ჩვენ დავამუშავებთ; რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსახლეობას, აქ ჩვენ შევდივართ სპეციალური ტექნიკით. თერმონისლით ვამუშავებთ ორღობეებს, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიებს და ისეთ ნაკვეთებს, სადაც შეგვიძლია პოპულაცია მაქსიმალურად შევამციროთ. თუ მოსახლეობა მობილიზებული იქნება და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებს მიხედავენ, ჩვენ, ფაქტობრივად, შევძლებთ მოსავლის დაცვას. ჩვენ მოგვიწევს მავნებელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა, თუმცა მისი პოპულაციის კონტროლი მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომლებსაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი.

„ამავე დროს, უკვე დავიწყეთ საველე მონიტორინგის სისტემის განთავსება, რომელიც მთელს ტერიტორიას მოიცავს და 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა მავნებლის გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით , აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება.