20-03-2018
რამდენიმე საათის წინ, ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე იაგო ქირიამ „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თევზჭერის ფოტომასალა გაავრცელა. „თაიმერი“ ფოტომასალის წარმომავლობით დაინტერსდა და, როგორც წყარომ გვითხრა, თევზაობა ჭურიას მიდამოებში, ე. წ. პელიკანით მიმდინარეობდა. ჭურია ხობის მუნიციპალიტეტშია და მისი ნაწილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ნუსხაში შედის. იაგო ქირია გზდ-ს რეგიონული სამმართველოს უფროსის ზვიად ფოჩხუას დედიაშვილია.
ამ საკითხზე „თაიმერი“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო.
„მდინარე ჭურიას ნაწილი შედის კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიებში, ნაწილი კი – არა. მის მიმდებარედ ასევე, არის სატბორე მეურნეობები. გავესაუბრეთ ფოტოზე გამოსახულ პიროვნებას, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული თევზის სახეობა მოიპოვა კერძო სატბორე მეურნეობაში და არა – მდინარეში. როგორც ფოტოზე აღნიშნული პიროვნება ამბობს, აქვს კერძო სატბორე მეურნეობა. სხვათა შორის, თევზი ძალიან წააგავს აკვაკულტურის სახეობას, თუმცა ეს საბოლოო ინფორმაცია არაა. მიმდინარეობს შესწავლა და აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ ყველა ინფორმაცია. ასევე, ხდება ჭურიას მიმდებარე ტერიტორიაზე სატბორე მეურნეობის დათვალიერება და მოსახლეობის გამოკითხვა. თუ პიროვნებას თევზი კერძო საკუთრების ტბორში აქვს მოპოვებული, ამ შემთხვევაში “პელიკანით” თევზჭერა დასაშვებია („პელიკანს“ კუთხურად ელექტროშოკურ აპარატს ეძახიან, თუმცა ამ ტერმინს არ ცნობს მოქმედი კანონმდებლობა). მოკლედ, თუ გამოვლიენდება დარღვევა, აუცილებლად გავატარებთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას იმ პიროვენების მიმართ, ვინც დაარღვია დადგენილი თევჭერის წესები, ნორმები და მოთხოვნები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოკლევა,“ – აცხადებს მაია ჩხობაძე.