21-11-2017
გერმანიის ტელერადიოკომპანია «Deutsche Welle»-ს პროგრამა „ევროპა ფოკუსში“ გადაიცა სიუჟეტი „რისი ეშინიათ ორად გაყოფილი ქართული სოფლის მცხოვრებლებს?“ (წამყვანი - მარგარიტა კალცი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ჟურნალისტ ქრისტიან ტრიპეს რეპორტაჟს:
„უკვე თითქმის ათი წელია, 2008 წლიდან დაწყებული, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს დაიბრუნოს თავის კონტროლქვეშ სამხრეთ ოსეთი, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მიუხედავად, ამ საკითხის გადაჭრა მაინც ვერ ხერხდება. იმიტომ, რომ რეგიონს, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აქტიურ დახმარებას უწევს რუსეთი, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფი სადემარკაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ბრძოლა ყოველ მეტრზე მიდის.
--------
„ხურვალეთზე მავთულხლართია გავლებული. საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარე სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი. 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირი დაკვირვებას სადემარკაციო ხაზზე აწარმოებს - აქ მუდმივად დაახლოებით 200 დამკვირვებელი იმყოფება. რასაც ისინი ხედავენ, შეშფოთებას იწვევს: დაზავება შენარჩუნებულია, მაგრამ სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან საზღვრის გატარებას, მისგან გამიჯვნას ცდილობს. ამას საკუთარ თავზე ადგილობრივი მცხოვრებლებიც გრძნობენ. დავით ვანიშვილი თავის ისტორიიას ჰყვება, რომელიც ტიპიურია მთელი რეგიონისათვის
დავით ვანიშვილი, ფერმერი: „80 წლის განმავლობაში ეს არემარე ქართული მიწა იყო. ახლა რა, რუსული გახდა? აქ 80 წელია ვცხოვრობ, აქ არის ჩემი სახლიც. როცა ავაშენე, ჭირშიც და ლხინშიც იქ ვცხოვრობდი. ახლა კი სად წავიდე? მე ცოცხალი აქედან არსად წავალ. ჩემი დედ-მამა აქ, ამ სასაფლაოზეა დამარხული, ჩემი ძმებიც“.
სამხრეთ ოსეთი, სადაც დღეს ძირითადად ოსები ცხოვრობენ, საქართველოს 1990-იან წლებში გამოეყო. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ გადაწყვიტა სამხრეთ ოსეთი იარაღის მეშვეობით დაებრუნებინა, მაგრამ საქმეში რუსეთი ჩაერია. სულ მალე მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შოთა უტიაშვილი იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან იცის, თუ რატომ იცავს რუსეთი სეპარატისტებს.
შოთა უტიაშვილი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდი: „რუსეთის სტრატეგიული მიზანი იმაშია, რომ სამხრეთ კავკასია გააკონტროლოს და აღკვეთოს სხვა ყველანაირი ჩარევა საზღვარგარეთიდან. მოსკოვისათვის ჩვენს რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისათვის კონტროლი კასპიის რეგიონის ენერგოშემცველებზე“.
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი მილსადენი გადის, რომლებიც ევროპისათვის მნიშვნელოვანია. რუსეთი სულ უფრო მეტ სამხედრო ბაზებს აშენებს სამხრეთ ოსეთში, რომელიც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს შემადგენლობაში შედის. აქტივისტების მცირე ჯგუფი აპროტესტებს რუსეთის ყოფნას რეგიონში. თითქმის ყოველდღე, ყველანაირ ამინდში, ისინი გამოდიან და იმ ავტოტრასაზე დგებიან, რომელიც თბილისისაკენ მიემართება. მათ ხელში პლაკატი უკავიათ წარწერით: „თბილისამდე - საქართველოს დედაქალაქამდე სულ ერთი საათის სავალია“. დემონსტრანტების მტკიცებით, რუსეთი თავის სამხედრო ბაზებს ერთმანეთთან აერთებს.
აქციის მონაწილე: „ორი დღის წინათ აქ მათ ახალი გზის მშენებლობა დაასრულეს“.
საქართველოს მთავრობა ყოველთვის განგაშს ტეხს, როცა რუსეთი სამხრეთ ოსეთში თავის ყოფნას აფართოებს. ასეთი მოქმედება ხომ თბილისის ევროპულ გზას ბლოკავს. საქართველოს სურს გაწევრიანება ევროკავშირშიც და ნატოშიც, მაგრამ ქართველების სურვილის ასრულებას ხელს რუსეთთან მოუგვარებელი კონფლიქტი უშლის.
ერიკ ჰეგი, საქართველოში ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი:
„მთავარი პრობლემა იმ ინფრასტრუქტურის შექმნას უკავშირდება, რომელიც ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას. ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის გამო ადამიანებს თავისუფლად მოძრაობა არ შეუძლიათ. ეს მრავალ ასპექტს ეხება: ზოგადად მათ ცხოვრებას - მიწის დამუშავებას, ნათესავებთან და ახლობლებთან შეხვედრის შესაძლებლობას“.
ევროკავშირის დამკვირვებლებს ყოველთვის თან აქვთ ხელსაწყოები, რომლებიც მათ სადემარკაციო ხაზის ზუსტად განსაზღვრაში ეხმარება. ეს მათი უსაფრთხოებისთვისაც არის აუცილებელი. ოფიციალურად, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი „გაყინულად“ ითვლება, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებლებს ასეთი შეფასება უცნაურად ეჩვენებათ - ისინი ხომ ყოველდღიურად ხედავენ იმას, თუ რა ხდება სინამდვილეში“.