20-03-2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
გრიგოლ ნემსაძემ ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივი და ცენტრალური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, 21 მარტი - ქართული ჟურნალისტიკის დღე, წინასწარ მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა მედიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა რეგიონის ღვაწლმოსილი და დამსახურებული ჟურნალისტი, 86 წლის გივი ჯახუა, რომელიც პროფესიულ საქმიანობას უკვე 6 ათეულ წელზე მეტია ეწევა. გრიგოლ ნემსაძემ ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გივი ჯახუას მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„საქართველოში მოღვაწე ყველა ჟურნალისტს ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებს. მადლობა, იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად აქტიურ რეჟიმში აშუქებთ, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს, რაც მეტად მნიშვნელოვანია რეგიონისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში. მინდა ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო ბევრი, სასიკეთო საქმე გავაკეთოთ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.
"ინტერპრესნიუსი"