21-03-2018
რუსთავი-თბილისი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დილიდან გაფიცულები არიან, რის გამოც აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის პროცესი პარალიზებულია.
გაფიცული მძღოლები კომპანია ,,ინტერტრანსის" მიერ ყოველდღიური გადასახადის 50 ლარიდან 60 ლარამდე გაზრდას აპროტესტებენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს" კომპანია „ინტერტრანსში" განუცხადეს, მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო, კომპანიამ მძღოლებისათვის დაწესებული ნორმირებული გადასახადი 10 ლარით გაზარდა, რასაც მათი მხრიდან დაუმორჩილებლობა მოჰყვა.
„კომპანია „ინტეტრანსი“ მოგეხსენებათ უკვე რამდენიმე წელია ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, მძღოლებს ყოველდღიურ გადასახადს უმცირებს და გაზაფხულზე მძღოლები უბრუნდებიან გადასახადის ძველ ტარიფს. რამდენიმე წელია უკვე ასეა ყველა სამარშრუტო ხაზზე, თუმცა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიიღეს თვითნებური გადაწყვეტილება და გეგმურ გადასახადს ისევ იხდიან ზამთრის ტარიფის შესაბამისად. კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან მათ მიიღეს რამდენჯერმე სიტყვიერი გაფრთხილება, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, თუმცა მძღოლებმა საკუთარი პოზიცია არ შეცვალეს. აქედან გამომდინარე, ,,ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყველა მძღოლს, რომელიც უარს ამბობს ამ პირობაზე და დასაქმებულია ე.წ. მაღლივი კორპუსის ხაზზე, ხელშეკრულება შეუჩერდა. რა თქმა უნდა, დიალოგისთვის მზად ვართ თუ მძღოლები შეცვლიან პოზიციას, ისევ დაბრუნდებიან აღნიშნულ ხაზზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ არ შეექმნას მგზავრებს გადაადგილების პრობლემა, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსებზე დავასაქმოთ სხვა მძღოლები“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანია „ინტერტრანსის“ წარმომადგენელმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სოფო ცერცვაძემ.
"ინტერპრესნიუსი"