გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

15-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროს შეხვდა.

ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნეს ვაქცინაციისა და ერთობლივი ძალისხმევის როლი პანდემიის დროულად დამარცხებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების აუცილებლობაზე, რათა ყველა ქვეყანამ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს, შეძლოს ეკონომიკის სრულფასოვანი ამოქმედება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე, მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისება და ტურიზმის სექტორის აღდგენა.
ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში.

აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, როგორც რეგიონულ, ისე ფედერალურ დონეზე თანამშრომლობით, ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, აღდგენითი მართლმსაჯულების, სასკოლო განათლების სფეროში სწორი მიდგომების თემაზე არაერთი შედეგზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა.

მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.
აღინიშნა, რომ საქართველო, 2023 წელს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ხელოვნების ფესტივალში - ევროპალია.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ახალ გეოპოლიტიკურ სურათსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე.
ალექსანდერ დე კრომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე დაესწრნენ.