21-03-2018
სოფელ მუხათწყაროს გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს სპეციალურ ჭრებს.
სამუშაოები მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად ხორციელდება. ხეები ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას ხელს უშლის, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სპეციალური ჭრები ეტაპობრივად, თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე, აღნიშნული უწყებების ნებართვების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ სამუშაოების განხორციელების პროცესში თვითნებურად მოჭრა ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფარვის ზონაში, სადაც ხე-მცენარეების ჭრა უნდა განხორციელებულიყო მოგვიანებით, ნებართვის მიღების შემდეგ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამრღვევის მიმართ შესაბამისი ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სათანადო პროცედურები. ამჟამად, სპეციალური ჭრები მიმდინარეობს თბილისის მერიის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა.
„სპეციალური ჭრები იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარესა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის ფიქსირდება კრიტიკული ზღვარი, ხორციელდება კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ჭრა“ - ნათქვამია განცახდებაში.