21-03-2018
მთიან აჭარაში, სოფელ გარე ტყეში თურმანიძეების საოჯახო ტიპის სასტუმროში, თურმანიძეების ოჯახი წლებია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ღებულობს და მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის. ინფორმაციას Ipress-ი ავრცელებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს, ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო.
„მერისის მარშრუტის მთავარ ტურისტულ პროდუქტად შესაძლებელია ჩაითვალოს ღვინო და ფოლკლორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ. ხეობაში არსებული ანსამბლები რამოდენიმე წელია იკვლევენ ძველ, ტრადიციულ მივიწყებულ სიმღერებს, აღადგენენ მას და დისკებადაც კი გამოსცემენ. მერისის ხეობაში შესაძლებელია მოისმინოთ ბევრი უნიკალური აჭარული სიმღერა პირველად.
არის ოჯახები, სადაც სამი და ოთხი შთამოვალი მღერის. ოჯახებმა ფოლკლორი ტურისტულ საქმიანობად აქციეს. სტუმრებს საშუალება აქვთ არა მარტო მოისმინონ ფოლკლორი, არამედ მიიღონ ოჯახებში ფოლკლორის გაკვეთილები. ბატონი ამირან თურმანიძე, 97 წლისაა და უშუალოდ აქტიურად არის ჩართული ტურისტებისთვის ფოლკლორ-გაკვეთილების მომზადების პროცესში. ტურისტები ხეობაში ფოლკლორის შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნებიდან 2 – 3 თვით ჩამოდიან. გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა, მერისი ძალიან ლამაზი ხეობაა. მარშრუტზე შესაძლებელია ნახოთ ჩანჩქერი, საპიკნიკე ტერიტორიები, ვენახები და ულამაზესი მერისი ხეობის ხედები“-თქვა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები 280-მდე გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო. მიმდინარე წელს, სააგენტო მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გაყიდვების სტიმულირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისთვის სხვადასხვა პროექტებს გეგმავს.