გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ხელაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამ დაგვანახა, რომ ევროკავშირი საქართველოს პროგრესს დიდად აფასებს

17-03-2021

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ ცხადად დაგვანახა, რომ ევროკავშირი დიდად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით",- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ხელაშვილი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ჯოზეფ ბორელმა საჯაროდ, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები ეუთო-ს შეფასებით, იყო თავისუფალი და სამართლიანი. მისივე განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე დაბეჯითებით აღნიშნა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება საქართველოში დემოკრატიის ფუნქციონირებას, რომ პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ამით მოუწოდა ოპოზიციას, შეიკავოს თავი კონფრონტაციული რიტორიკისგან და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამგვარად თანხმდება, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. „ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო კომპრომისები - აუცილებელია",- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

მისი შეფასებით, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა მოყვა.

„სამწუხაროა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთის გზავნილები ოპოზიციის ვიწროპარტიულ მოლოდინებს არ ამართლებს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები ავტომატურად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მსგავსი ქცევა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის ცალსახად დამაზიანებელია და, მით უმეტეს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ძიების პროცესში, ყოვლად დაუშვებელია. ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება",- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე.