25-03-2021
დღეს ჩვენ გავხსენით ბათუმის განახლებული აეროპორტი. მოგეხსენებათ, კომპანია „ტავ ჯორჯიამ" განახორციელა 17 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია. თქვენ ნახეთ, როგორი განახლებული აეროპორტი გვაქვს ბათუმში. ასევე, დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან და აჭარა მზად არის ტურისტების მისაღებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მხრიდან მოცულობითი ინვესტიცია, სწორედ, პანდემიის პერიოდში განხორციელდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება, ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში დაასრულა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები. ასე რომ, მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო აღნიშნულ კომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.