26-03-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.
დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 წელს დაბადებული ჯ.ტ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1979 წელს დაბადებული მ.ბ.-ს კუთვნილი ავტომობილის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი 1979 წელს დაბადებული ი.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ, 1972 წელს დაბადებულმა ზ.ბ.-მ და თავად ავტომობილის მფლობელმა - მ.ბ. -მ ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს. სამივე დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
სამართალდამცველებმა, დაკავებული ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.