29-03-2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები პირადად შეაფასა.
ეკატერინე დგებუაძე და მაია ხაჯიშვილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები უშუალოდ მათთან განიხილეს .
აჭარაში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით მიმდინარეობს და მოსწავლეთა ადგილზე დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეკატერინე დგებუაძის თქმით, აჭარის რეგიონში ვირუსის გავრცელების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელების კუთხით მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვას .
ეკატერინე დგებუაძემ თითოეული სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს პანდემიის დროს უჩვეულო რეალობასთან მყისიერი ადაპტაციისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დისტანციური სწავლების პირობებში არსებულ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, მათ სასწავლო პროცესის გამართულად ორგანიზებას წარმატებით გაართვეს თავი.
ბოლო კვირის მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც, სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში სრულ დისტანციურ სწავლებაზე არც ერთი სკოლა არ იმყოფება. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, დისტანციურ ფორმატში მხოლოდ 5 კლასი აგრძელებს სწავლას .