გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ხელაშვილი: სენატში გამართულ მოსმენაზე აღინიშნა, რომ საქართველო ბოლო წლებში განუხრელად მიჰყვება დასავლური ინტეგრაციის გზას

30-03-2021

„23 მარტს სენატის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა საქართველოს საკითხის მოსმენა სათაურით: „საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისათვის" საქართველოს დიდი ხნის მეგობრის და მხარდამჭერის სენატორ ჯინ შაჰინის თავმჯდომარეობით. მოსმენაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა, როგორც სენატორების, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჯორჯ კენტისა და კარა მაკდონალდის მხრიდან. განცხადებების დიდი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს პოლიტიკური გეზის და რეფორმების მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს მაგალითს ძალიან ბევრი ქვეყნისათვის და მას კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ასევე ის, რომ საქართველო ბოლო წლებში განუხრელად მიჰყვება დასავლური ინტეგრაციის გზას, რომელიც „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ქართული დემოკრატია დღევანდელი მდგომარეობით გაძლიერებულია, გაღრმავებულია და დემოკრატიული რეფორმები მიმდინარეობს რთულ პირობებში, კერძოდ, რუსეთის აგრესიის პირობებში.

„მნიშვნელოვანი იყო კონგრესის ტრიბუნიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდაზე ხაზგასმა და ამერიკის მხარდაჭერის დაფიქსირება. ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ კიბერნეტიკული და დეზინფორმაციის შემცველი მეთოდების გამოყენებით მოქმედება და ასევე, ეკონომიკური წნეხი", - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
გიორგი ხელაშვილის განცხადებით, მოსმენაზე მოხდა ეუთო/ოდირის მისიის შეფასების ციტირება, რომ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ეფექტიანად ჩატარებული.

„ამავდროულად, ხაზი გაესვა საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რომლის პროექტის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია. ხაზი გაესვა „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ საარჩევნო ბარიერის დაწევის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოში მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის საფუძველი უნდა გახდეს", - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, ამ ზოგადი მხარდამჭერი განცხადებების გარდა იყო ცხადი პოლიტიკური გზავნილებიც.

„მნიშვნელოვანი გზავნილი იყო პარლამენტის სრული შემადგენლობით შეკრების აუცილებლობა, რადგან ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ არის, ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის გზა აირჩია. ამ საფუძველზე უნდა მოხდეს კრიზისის დაძლევა, თუ არ დაიძლია ეს კრიზისი, ის საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადება სერიოზულად აღიქმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ და ამერიკის ადმინისტრაცია ამ განზრახვას მთლიანად მიესალმება და მხარს უჭერს.