გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ნათია თურნავა: გვაქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა და პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას დავუბრუნდეთ

30-03-2021

„ჩვენ - ხელისუფლებამ და ბიზნესსაზოგადოებამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დღეს, რათა, რაც შეიძლება სწრაფად, დავძლიოთ კოვიდპანდემიით გამოწვეული შოკი", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პრეზენტაციისას.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზენტაციას მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს აქვს შანსი, ყველაზე სწრაფად აღადგინოს ეკონომიკა, დაუბრუნდეს პოზიტიური ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას და შეინარჩუნოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში.

„ჩვენ კოვიდპანდემიას, რომელიც უდიდესი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის, განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას - ერთი მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ გახდეს უფრო ეფექტიანი, უფრო კონკურენტუნარიანი და უფრო ძლიერი. ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ეკონომიკის სამინისტროსთვის, ჩემი კოლეგებისთვის ეს არის დრო, როცა ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო გაბედული ნაბიჯები, მივიღოთ უფრო არასტანდარტული გადაწყვეტილებები. სწორედ ასეთი მასშტაბური, არასტანდარტული გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, როდესაც დღეს მართლაც უპრეცედენტო პრივატიზაციის მასშტაბური პაკეტი შემოგთავაზეთ", - განაცხადა მინისტრმა.

პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით გაფართოვდა და საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ობიექტების რუკას დაემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ჯამში, სახელმწიფო ბიზნესსექტორს 400 მილიონ ლარზე ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს.

„ეს არის მართლაც უპრეცედენტო პროგრამა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ქონება, ობიექტია შემოთავაზებული თქვენთვის, რათა არ დაგვრჩეს არცერთი გაჩერებული აქტივი, არცერთი დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი, არცერთი არაეფექტური საწარმო და ყველგან, სადაც არის შესაძლებლობა და ინტერესი, შემოვიდეს კერძო ინვესტიცია, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.