31-03-2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ველური ბუნების სააგენტოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, სამონადირეო მეურნეობა შპს „კავკასიას“ ტერიტორიაზე, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.
სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ასევე მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახითა და ე.წ. „თვალების სტადიაზე“ მყოფი 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითით დაათევზიანეს.
ხოხბებისა და კალმახების გაშვებაში მონაწილეობა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა, რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი.
მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.