გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვერ ვუყურებ ჩემს შვილიშვილებს და ავადმყოფ შვილებს ასეთ მდგომარეობაში-პურიც ენატრებათ! – ქალი, რომელმაც ბანკის ვალის გამო თავის დაწვა სცადა

23-03-2018

რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთში ინციდენტი მოხდა _ შუა ხნის ქალბატონმა მზევინარ შავაძემ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში თვითმკვლელობა სცადა. მან თავზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა განიზრახა. მისი გადარჩენა იქვე მყოფმა ადამიანებმა მოახერხეს და ის ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე მივიდა პოლიცია, რომლებმაც ნივთმტკიცებად ბენზინიანი ტანსაცმელი ამოიღო.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მზევინარ შავაძეს სახლში ესტუმრა.

მზევინარ შავაძის ოჯახი მრავალრიცხოვანია, მას არ ჰყავს მეუღლე, თავად კი წლების განმავლობაში ოზურგეთის ბაზარში ხილ-ბოსტნეულს ყიდულობს და ყიდის. 10-სულიანი ოჯახი მხოლოდ მზევინარის ყოველდღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, სახლში მას 5 მცირეწლოვანი, როგორც თითონ ამბობს, "დამშეული" ელოდება.

მზევინარს სამი შვილი _ ერთი გათხოვილი გოგო და ორი ვაჟი ჰყავს. როგორც თავად გვითხრა, ორივე მათგანი ფიზიკურად შრომისუუნაროები არიან. ერთი აგვისტოს ომში იბრძოდა და ფსიქიკური პრობლემები აქვს ამის გამო; მეორე ვაჟი კი ონკოლოგიური ავადმყოფია. ორივე მათგანს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

მზევინარ შავაძე "გურია ნიუსთან" თავის გაუსაძლის ცხოვრებასა და იმ პრობლემებზე საუბრობს, რამაც ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ამის მთავარ მიზეზად კი საბანკო დავალიანებებს ასახელებს, კონკრეტულად, ე. წ. "ყოველდღიურ ბანკს", რომლიდან გამოტანილი სესხის პროცენტის გადახდაც ვეღარ შეძლო.

ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და უმწეოთათვის განკუთვნილ დახმარებასაც იღებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დახმარებას ბანკი ართმევს. ჰყავს თავდები, რომელსაც ბანკმა ყველაფერი დაუყადაღა და ამის შესახებ თავდების ოჯახმა არაფერი იცის.

_ ონკოლოგიურად დაავადებული შვილი მყავს. ადრე არაფერი მიჭირდა, ვმუშაობდი და  ვიხდიდი ბანკის ვალებს. ბოლო წლებია, რაც პრობლემებმა მოიმატა ოჯახში _ 10-სულიანი ოჯახი ვართ, შვილები ავად მყავს, სოციალურ დახმარებას კი ვიღებთ, მაგრამ ბანკი მიკავებს და ვერაფერს ვიღებთ. სესხი გვქონდა ადრე გამოტანილი. შემდეგ ამ ბანკის სესხის გადასაფარად მივმართე "ყოველდღიურ ბანკს", კიდევ ავიღე სესხი, რომლის გადახდაც ვეღარ შევძელი. ამ მიკროსაფინანსო ბანკებმა გაგვანადგურეს _ აღარც ფული გვაქვს და აღარც გასაყიდი რამე. სახლში პურის ნატეხიც არ გვაქვს, არც ფული, რომ ვიყიდოთ. ამ ოჯახში 5 მცირეწლოვანია, ორივე შვილი _ ბიჭები, ფიზიკურად შრომისუუნაროები არიან _ ერთი აგვისტოს ომის მონაწილეა. იბრძოდა და იმის მერე ფსიქიურად დაავადდა; მეორე ონკოლოგიური ავადმყოფია და ქიმიოთერაპიას იკეთებს, სულ კონსულტაციები უნდა.

მიკროსაფინანსო ბანკმა თავდების ქონებას ყადაღა დაადო. ორივემ ვთხოვეთ, რომ ყადაღა მოგვიხსენი და ნელ-ნელა გადაგიხდითო, რადგან სახლში არ იციან იმის ოჯახის წევრებმა. უარი გვითხრეს _ არ მოვხსნით ყადაღას, რაც გინდათ, ის გიქნიათო. საერთოდ არანაირ გარიგებაზე არ წამოვიდნენ.

მთავრობა ხომ დაგვპირდა მოვაჭრეებს, დაგეხმარებით და გრძელვადიან სესხებს მოგცემთო?! მოხმარება კი არა, უარესად გაგვანადგურეს. მარტო მე კი არ ვარ ასეთ დღეში _ მთელი ბაზრის ხალხი ამ დღეშია. წადით ნახეთ, ჩაწერეთ ნებისმიერი, გეტყვიან, როგორ უჭირთ, რომ ამ მიკროსაფინანსო ბანკებმა დაავსეს ეს ხალხი, ბოლო კაპიკიც წაგვართვეს.

წარმოიდგინეთ, თუ 1 000 ლარს გამოიტანთ, დღეში ყოველდღიურად 50 ლარი უნდა შეიტანოთ ერთი თვის განმავლობაში, გეკითხებით საიდან უნდა მოიტანო დღეში 50 ლარი?

წელს არანაირი შემოსავალი არ იყო. თხილი 1 ლარად ჩავაბარეთ, ისიც ფაროსანას მიერ განადგურებული. საერთოდ არავინ კითხულობს, რა გვიჭირს, რა გვილხინს, ასეთი გაუსაძლისი ცხოვრება ომის დროს არ ყოფილა, ეს რა დღეში ვართ.

ვერანაირი გამოსავალი ვერ მოვიფიქრე და ვიწვავდი თავს, გადავისხი ბენზინი, მაგრამ მომისწრეს. ვერ ვუყურებ მე ჩემს შვილიშვილებს, პატარებს და ავადმყოფ შვილებს ასეთ მდგომარეობაში _ პურიც ენატრებათ!

ეს ბანკის ფულიც შვილის გადასარჩენად გამოვიტანე. 28 ქიმიოთერაპია გავუკეთე და მაშინ ყველა ფასიანი იყო. წუხელაც ვიფიქრე, ავდგები ჩუმად და თავს ჩამოვიხრჩობ,-მეთქი.

სახლს კი გავყიდი, მაგრამ დაყადაღებულია, ვერც გავასხვისებ, ვერც თავდები გაყიდის რამეს.

მირჩევნია თავი მოვიკლა, ვიდრე ჩემს შვილიშვილებს ასე ვუყურო.

ადრე ხელისუფლება მოვიდოდა და ამბავს მაინც იკითხავდა, ახლა არავის არაფრად ჩავუგდივარ. ეს ხელისუფლებაა? გააუქმონ ეს ბანკები, ასე რომ ამოხადეს ხალხს სული. ხალხი ვალების გამო თავს იკლავს _ ის მკვლელი "ლურჯი ვეშაპი" რომაა, ისეა ზუსტად ბანკები ჩვენთვის.

ერთადერთი თქვენ ხართ, ჟურნალისტი, ვინც ჩემი გაჭირვებით დაინტერესდა. ნასაკირალის დეპუტატმა შემომითვალა, გინახულებო. ჩვენს დეპუტატს, ვალოდია ბერიძეს არაფერი უკითხავს, იმიტომ, რომ მას მხარს არ ვუჭერდი ამ არჩევნებზე, გაბრაზებულია და არც აინტერესებს ჩემი ამბავი. მხარს ვუჭერდი კოტე შარაშენიძეს, თუმცა არც ის მოსულა, _ამბობს მზევინარ შავაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას დეპუტატი ვალოდია ბერიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო.  მზევინარ შავაძის ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დეპუტატი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისი რეკომენდაციით დაენიშნა შავაძეებს სოციალური დახმარება.

_ ბატონო ვალოდია, მზევინარ შავაძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაინტერესებულან, მათ შორის, არც თქვენ. მას მიაჩნია, რომ ამის მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია, რადგან არჩევნებზე ის თქვენი მომხრე არ იყო. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ რა? ჩემთვის მას ხმა არ მოუცია? ანუ თვითონ აღიარებს, რომ ჩემთვის ხმა არ მოუცია? გასაგებია. თუმცა, მე ყველა ნარუჯელის დეპუტატი ვარ, არ ვიცი, ვინ მომცა ხმა და ვინ _ არა. ესე იგი, მე მისი დეპუტატიც ვარ და არანაირი პრობლემა არ არის. როცა ხმას არ მაძლევდა, ზუსტად მაშინ გავუწიე რეკომენდაცია, დაენიშნათ სოციალური დახმარება. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზეა, ის ჩემი სოფლის მცხოვრებია, ვალდებული ვარ დავეხმარო და ასეც ვაკეთებ. იმას ვეხმარები, ვინც ღირსია, ვინც იმსახურებს და ვისაც სჭირდება, _ ამბობს ბერიძე.

guria news