25-03-2018
20 წლის ფერმერი მამუკა ჯუღელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში გიგანტურ კურდღლებს ზრდის.
ჯუღელი მეგობართან ერთად გასულ წელს პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი გახდა, რომელიც საქართველოში ახალგაზრდობის დასაქმების საკითხებით არის დაკავებული. მისი თქმით, საჭირო ცოდნა და გამოცდილება პროექტის დახმარებით მიიღო, დაფინანსების შემდეგ კი კახეთში, სოფელ ბაკურციხეში გახსნა ბოცვრების ფერმა გახსნა "The BO".
მეწარმე ამბობს, რომ ეს საქმიანობა მისთვის გატაცებაც არის და ბიზნესიც. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მამუკას კურდღელები ბავშვობიდან უყვარს, ამ მიმართულებით კი ბიზნესსაქმიანობას ხუთე თვეა მეგობართან ერთად ეწევა.
,,ფერმა ჯერ მხოლოდ საწყის ეტპაზეა, თუმცა ინტერესი ამ ტიპის პროდუქტისადმი დიდია. გვინდა მომხმარებელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიეტური და ჯანსაღი ხორცი შევთავაზოთ. ჩვენი ბიზნესი USAID-ის პროექტ "YES-Georgia"-ს ფარგლებში რამდნეიმე თვის წინ შეიქმნა. საწარმო ამ ეტაპზე სხვადასხვა ჯიშის განსაკუთრებული ზომისა და წონის ბოცვერს ითვლის. ვაწარმოებთ სუფთა სისხლის „ფლანდრის“ ჯიშის ბოცვრებს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან, იზრდებიან და მეხორცულები არიან. ამ ჯიშს ასევე გიგანტ ბოცვრებს უწოდებენ, რადგან მათი წონა 16 კილოგრამს აღწევს, ეს მაშინ, როდესაც სტანდარტული ბოცვრები 5-6 კილოგრამს იწონიან. მომხმარებელს ვთავაზობთ ნატურალურ, დიეტურ და ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტს. ფერმა ჯერჯერობით განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ამ ტიპის პროდუქტით დაინტერესება დიდია. ჩვენი ბოცვრების წონა და ზომები სხვა გავრცელებულ სახეობებთან შედარებით სამ-ოთხჯერ დიდია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი წარმოება ბევრი ახალგაზრდისთვის სამაგალითო გახდება და ისინი ფერმერობით და მეწარმეობით დაინტერესდებიან“, — განუცხადა knews.ge-ს მამუკა ჯუღელმა.
ფერმერის თქმით, ბიზნეს იდეის განხორციელებამდე მათ სპეციალური გადამზადებაც გაიარეს.
„მანამ სანამ საქმიანობას დავიწყებდით, სოფლის მეურნეობით ვიყავით დაინტერესებული. გავიარეთ სპეციალური გადამზადება, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ბოცვრების მოშენება. ხუთ თვეში ბევრი რამ ვისწავლეთ, ჩვენი სტარტაპი წარმატებული გამოდგა. დავიწყეთ 10 ბოცვრით და გავზარდეთ მათი რაოდენობა 40-მდე. სამომავლოდ ხორცის წარმოების დაწყებაზე ვფიქრობთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. ახლა ჩვენ თავს ვთვლით თანამედროვე ფერმერებად, რომლებსაც დანერგილი აქვთ ინოვაციური მეთოდები წარმოებაში“, — განაცხადა ჯუღელმა.
ახალგაზრდა ფერმერი ფიქრობს, რომ ამ სახეობის ბოცვრების გაზრდა ფინანსურად მომგებიანი საქმეა.
,,მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ და სოფლის მეურნეობასთან არანაირი შეხება არ მქონია, გარკვეული ცოდნის მიღების შემდეგ მივხვდი, რამდენად ინოვაციური შეიძლება გახადო ეს სფერო. დავინახე სრულიად სხვა შესაძლებლობები, მივხვდი, რომ XXI საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები ვითარდება, სოფლის მეურნეობა — ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული საქმიანობაა, მათ შორის ახალგაზრდებისთვის", - ამბობს ფერმერი.
ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ ბიზნესის გაფართოვებას გეგმავს.