16-04-2021
მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან, - ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების ინტერსი და ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული.
"დღეს შედგა მოლაპარაკება აქციის მონაწილეებს, ჩვენსა და პარლამენტის წევრებს შორის. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. შეხვედრაზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაყენებული იყო საკითხები, რაც აწუხებთ მათ. ეს არ არის ერთი და ორი საკითხი. ამას სჭირდება კონკრეტული სპეციალისტების ახსნა-განმარტება. მე მათ აღვუთქვი, რომ მათი ინტერსი, მათი ყველა კითხვა იქნება დაკმაყოფილებული. მე ყველა კითხვას, ყველა წინადადებას ავიტან ცენტრალურ ხელისუფლებაში, პრემიერთან, შესაბამის სამინისტროებთან.
ასევე ჩემი მხრიდან იყო შეთავაზება და თანხმობა აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მაქსიმალური იქნება მათი ჩართულობა ამ პროცესებში. ასევე ამომწურავი იქნება იმ კითხვებზე პასუხი, რაც მათ დააყენეს. მათი მხრიდან იყო კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც საჭიროებენ ჩამოყალიბებას და მე მათ აღვუთქვი, რომ რამდენიმე დღეში შეთანხმების შემდეგ ისინი მიიღებენ პასუხს", - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.