26-03-2018
სამეგრელოს რამდენიმე ქალაქში „მდედრიონი“ ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ქალი შედის. „თაიმერისთვის“ მოწოდებული ინფრორმაციის თანახმად ახალი ქართული „პროდუქტი“ – „მდედრიონი“ – მიცვალებულებს აყაჩაღებს.
სქემა კი ასეთია: „მდედრიონის“ „მამიდა“ დადის დაკრძალვებზე, „პროდუქციის“ მოწონების შემთხვევაში უკავშირდება „მდედრიონის“ „შნირებს“ და აძლევს „ნაკოლს“. ჭირისუფალი როგორც კი დაკრძალავს თავის მიცვალებულს, „შნირები“ მიდიან საფლავზე და ყვავილებს იპარავენ. მოპარული ყვავილების ჩასაბარებელ პუნქტში (არ გაიოცოთ, ასეთი პუნქტიც არსებობს), რომელიც ზუგდიდშია „დაბანაკებული“, ერთი თაიგულის ფასი ხარისხის მიხედვით 5-დან 15 ლარამდე მერყეობს.
ის, რომ სასაფლაოებზე ყვავილებს ან მარმარილოს ქვებს იპარავდნენ, ახალი არაა, მაგრამ ადრე ეს არ ხდებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით, უფრო ხშირად ამას სპონტანური და შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. ახლა 21-ე საუკუნეა, „მდედრიონის“ წევრებმა ფანჯრები გააღეს, გაიხედეს გარეთ და მიხვდენენ რომ ყველაზე უსაფრთხო ბიზნესი მიცვალებულების გაქურდვაა. გაქურდული მიცვალებულები არ ჩივიან, არ ტირიან, არ წუწუნებენ, ხოლო მათი ჭირისუფლები მესამე და მეცხრე დღემდე საფლავზე არ გადიან, ამიტომ ოქროს ბუკეტიც კი რომ დაიკარგოს საფლავიდან, ყურადღებას არავინ მიაქცევს.
თქმა იმისა, რომ გარდაცვლილისთვის მოპარული მეორადი ყვავილი რამდენადაა საფრთხის შემცველი, „მდედრიონის“ „ბრალის“ დასამძიმებლადაც არ გამოდგება – არასერიოზულია, მაგრამ იმ დროს, როცა ქურდობა იღებს ორგანიზებულ სახეს და არავინ ისჯება, მოსალოდნელია, რომ „მდედრიონი“ სამეგრელოს საზღვრებს გარეთ „გაიჭრას“ და ფაროსანასავით მოედოს იმერეთს, აჭარას. იმედი გვაქვს ვიდრე „მდედრიონი“ რიკოთის უღელტეხილს მიადგება და დედაქალაქისა და კახეთის „ზონას გადაფარავს“ მანამ დაამუხრუჭებინებს ვინმე.