გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

«The Sunday Tribune»(ინდოეთი): ინდოელი ფერმერები საქართველოში-„ბიზნესს კარგად ვმართავთ და ვფართოვდებით“

26-03-2018

ინდური გამოცემა «The Sunday Tribune» აქვეყნებს სტატიას სადაც საუბარია საქართველოში, კერძოდ კი კახეთში დასახლებულ ინდოელ ფერმერებზე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მანმიტ სინგჰის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

2012 წლის ზაფხულში პენჯაბში არსებულმა ტურისტულმა სააგენტოებმა სარეკლამო კამპანია დაიწყეს და იქაური ფერემერებს საქართველოში მოგზაურობა და თან მიწის შეძენის შესაძლებლობები შესთავაზეს. ეს ქვეყანა კავკასიაში მდებარეობს, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე, ინდოეთიდან 3 ათასი კილომეტრის მოშორებით. შემოდგომაზე ასობით გაბედული პენჯაბელი ფერმერი შორეული უცნობი მიწისკენ გაემგზავრა. ბევრმა დაუჯერა ტურისტულ აგენტებს, რომ საქართველო მალე ევროპის ნაწილად იქნება აღიარებული და რომ იქიდან უფრო ადვილია აშშ-ში და კანადაში გამგზავრებაო - პენჯაბელი ახალგაზრდების საოცნებო ქვეყნებში.

მიწის ყიდვა ამ ავანტიურის ყველაზე ადვილ ნაწილს წარმოადგენდა: მათ შეეძლოთ თბილისთან (საქართველოს დედაქალაქთან) ახლოს 87 აკრი ფართობი 25 რუპიად ეყიდათ. ბევრმა პენჯაბელმა ფერმერმა ჰექტარი მიწა 1200-1300 დოლარად შეიძინა. 

საქართველოში მათ ბევრი სიძნელე შეხვდათ: ქართული ენა არ იცოდნენ, ნაყიდი მიწები ფაქტიურად დაბალმწარმოებლური გამოდგა, არ იყო წლის ჭაბურღილები და საწყავი არხები, რასაც ისინი პენჯაბში მუშაობისას იყვნენ მიჩვეულნი. მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც კი მიუწვდომელი იყო. პირველი მოსავლის - ხორბლის მოყვანის შემდეგ, 2013 წელს, ბევრი მათგანი - დაახლოებით 1800 პენჯაბელი სამშობლოში იმედგაცრუებული დაბრუნდა.

ჯაგრაუნელი კულვინდერ სინგჰ ჯეჯი, 200 სხვა პენჯაბელთან ერთად, საქართველოში დარჩა. მათ ადგილობრივი გამოწვევა მიიღეს და თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება გადაწყვიტეს. 

„მათ, ვინც დაბრუნდნენ, ძალიან მცირე მიწა ჰქონდათ ნაყიდი და საბოლოოდ, აქედან სხვა ქვეყნებში წასვლაზე ოცნებობდნენ, ან თავი ვერ გაართვეს სიძნელეებს და ძვირადღირებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით სარგებლობა ვერ შეძლეს“, - ამბობს კულვინდერ სინგჰი. მან მინიტრაქტორების მაღაზია გახსნა წნორში, რომლებსაც პენჯაბიდან იღებდნენ. „საქართველოში მხოლოდ ავტომატიზებული ტრაქტორები იყიდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენთვის ჩვეული, იოლად სამართავ-შესაკეთებელი ტექნიკა შემოგვეტანა“.

მოგვიანებით სინგჰმა თავისი ბიზნესი დახურა, რადგან ფერმერთა უმრავლესობამ ტრაქტორები შეიძინა. მან ტაქსის მომსახურების სამსახური დაარსა: „მაგრამ ამ სფეროში ირანელებიც ჩაერთვნენ და ამრიგად, ამ ბიზნესის შეწყვეტაც მოგვიწია. ისევ ტექნიკის იმპორტს დავუბრუნდით: პენჯაბიდან ახლა კომბაინები შემოგვაქვს, რადგან ამ მანქანებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა“, - ამბობს იგი, - „ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ და ბიზნესში სხვა შესაძლებლობებიც უნდა გამოვიყენოთ“.

წნორი პატარა ქალაქია კახეთში, რომელიც მთელ საქართველოში თავისი ვენახებითაა განთქმული. აქ პენჯაბელი ფერმერები 4 ათას ჰექტარ მიწას ამუშავებენ. „მიწაზე, სადაც ახლა ხორბალს ვიმკით, ადრე საუკეთესო ვენახები იყო გაშენებული. ნიადაგი თითქმის იგივეა, როგორიც პენჯაბში (ცოტა მეტი თიხა ურევია, მაგრამ ეს არაფერია). ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ სასუქების გამოყენება არ გვიხდება. მავნებელიც ნაკლებია და პესტიციდებით ერთხელ შეწამვლაც საკმარისია“, - ამბობს ჰურპრიდ სინჰ ბრერი, კომპანია Gurdwara Nanak Darbar-ის წარმომადგენელი წნორში. იგი აქ 50 ჰე ქტარ მიწას ფლობს და კულვინდერ სინგჰის მსგავსად, არც ის არ აპირებს პენჯაბში უკან დაბრუნებას. 

„საქართველოში დამნაშავეობის დონე დაბალია, ადგილობრივი მოსახლეობაც კეთილგანწყობილია, ამ მხრივ პრობლემები თითქმის არ გვაქვს. ჩვენი ორგანიზაცია - ინდოელი ინვესტორების ასოციაცია - ქართველ სახელმწიფო ჩინოვნიკებს რეგულარულად ხვდება. ისინი არაერთხელ გვარწმუნებენ, რომ ჩვენს ინვესტიციებს არაფერი არ ემუქრება. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი სასოფლო-სამეურნეო რეფორმა ტარდება“, - ხაზს უსვამს ჰურპრიდ სინჰ ბრერი და აღნიშნავს, რომ მიწის რეესტრი ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი და ქონების საკითხში არანაირი დავები არ არის. არადა, პენჯაბში მიწის საკუთრებაზე დავა უთანხმოების მთავარი მიზეზია.

საქართველოში ჩასული პენჯაბელები დასაწყისში მოწეული პროდუქციის გაყიდვის პრობლემის წინაშე დადგნენ, რადგან მარკეტინგის სისტემა მოშლილი იყო მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთს დაშორდა. „ჩვენ იძულებული ვიყავით მოსავალი იაფად გაგვეყიდა, რადგან არც საწყობები და არც შესანახი სათავსოები არ გვქონდა“, - ამბობს დიპინდერ სინგჰი. მისი ბიძა ჰადიპ სინგჰი დღეს საქართველოში კომპანია Geo Steel-ის ხელმძღვანელია, ფოლადსადნობი ქარხანა 2007 წლიდან მუშაობს. მან ახლა სილოსის საცავი და წისქვილიც შეიძინა.

მოწეული ხორბლის რაოდენობაზე კარმ სინგჰი (იგი ლუდხიანელია) საუბრობს: ერთ ჰექტარზე 1,5 ტონიდან 1,8 ტონამდე. „პენჯაბში ერთ ჰა-ზე უფრო მეტ მოსავალს ვიღებთ, მაგრამ აქ ზარალის კომპენსაციაში მიწის დიდი ფართობი გვეხმარება. ბიზნესს კარგად ვმართავთ და ვფართოვდებით“ (სტატიის დასასრულს საუბარია აგრეთვე პენჯაბელების საქმიანობაზე ეთიოპიაში). 

newspress.ge