26-03-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანაკი მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში და მისი ბენეფიციარები არიან საქართველოს სკოლების 11-14 წლის მოსწავლეები.
ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს. 7 დღეზე გაწერილი პროგრამა და აქტივობები ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისადაა შედგენილი. დღის პირველი ნახევარი თხილამურებით სრიალს ეთმობა, მეორე ნახევარი დატვირთულია საგაკვეთილო პროცესით, სხვადასხვა საბანაკე თამაშებითა და აქტივობებით. ერთ ნაკადში 400 მოსწავლე მონაწილეობს. ბაკურიანში სეზონის დასრულებამდე სულ 1200-მდე მოსწავლე დაისვენებს. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.