26-03-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული ძველი საფლავების გათხრის ფაქტზე, მოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.
პოლიციელებმა, კერძოდ, კრიმინალისტური სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა, ამბობენ, რომ მიმდინარეობს, მხოლოდ, საკითხის შესწავლა.
ადგილობრივმა მკვიდრმა გიორგი ეგნატაშვილმა გადმოცემით იცის, რომ ამ ეკლესიის ეზოში მისი საგვარეულოს 13 წევრია დაკრძალული.
,,ჩემი წინაპრებისგან ვიცი, რომ ამ ეზოში ჩემი საგვარეულოს ხალხიცაა დაკრძალული. ადრე, რაღაც დაავადება გაჩენილა და ურმით ამოუტანიათ გარდაცვლილები და აქ დაუკრძალავთ. ამ სასაფლაოზე ჩემი წინაპრებიც მარხია და თუ რამ ცუდი კეთდება, ბუნებრივია, მე ვიქნებოდი წინააღმდეგი,“ - განმარტავს ეგნატაშვილი.
დაახლოებით, 2 კვირის წინ, ეკლესიის მოძღვარის, მამა გაბრიელის მითითებით, გალავნისთვის საძირკვლის გათხრა დაიწეს. ტრაქტორმა სამ ადგილას ძველი საფლავების ქვები დააზიანა. ამ ქვებზე მე-19 საუკუნით დათარიღებული წარწერებია გაკეთებული. ეკლესია და საფლავები რუისის განაპირას, მთის ფერდობზე მდებარეობს.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, მოძღვარი ეკლესიაში არ იმყოფებოდა.
ამ ფაქტმა, რუისში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ნაწილი კი, ფიქრობს, რომ საგანგაშო არაფერია.
,,მამა გაბრიელი სანამ მოვიდოდა ეკლესიის წინამძღოლად, მიმდებარე ტერიტორია უკვე მოსწორებული იყო და კელიების მშენებლობა უკვე დაწყებული იყო.. საფლავის ქვებიც პირველმა სამუშაოებმა დააზიანა, საძირკველი ახალი ამოთხრილია. ისე არაა, როგორც ამბობენ.“ - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი გიორგი ეგნატაშვილი.
მისი თქმით, სასულიერო პირი, მართალია, ამ პატარა ეკლესიის წინამძღვარი გასული წლის ზაფხულში გახდა, მაგრამ რუისელების წინაშე, მისი ღვაწლი დიდია.
,მამა გაბრელმა დაუბრუნა სიცოცხლე რუისის ფერისცვალების ტაძარს. საკუთარი მამა და ძმა ეხმარებოდნენ ფიზიკურ სამუშაოებში. 90-იანი წლების ბოლოს, სადღაც 8-9 წლის ვიქნებოდი, კარგად მახსოვს, მამა გაბრიელის მოსვლა რუისში.. რუისის უძველესი ტაძარი ნარკომანების ბუდედ იყო გადაქცეული, ტომრებით გამოვიტანეთ ნახმარი შპრიცები, სამღვთოს სუფრებს აწყობდნენ შიგ ტაძარში და ათას უმსგავსობას ჩადიოდნენ.. მამა გაბრიელმა, პირველ წლებში, ტაძრის ეზოში - ნაეკლარში საკუთარი ხელით მოყვანილი პამიდვრით და ლობიოთი გაიტანა თავი. ტაძრის ეზოც გაბრიელის დროს გაფართოვდა და სარემონტო სამუშაოებიც მისი მოღვაწეობის პერიოდში დასრულდა. ახლა, ეს კაცი იმის გამკეთებელია, რომ წმინდა დემეტრეს ეკლესია და მისი შემოგარენი გაანადგუროს?“ - კითხულობს გიორგი ეგნატაშვილი.
უფრო ვრცლად სანახავად გადადით ვებგვერდზე "შიდა ქართლი"