გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ბერაია: დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის ძალები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი

29-04-2021

„დაარსებიდან 30 წლის იუბილეს თავდაცვის ძალები ხვდება გაძლიერებული შესაძლებლობებით, საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის დღემდე ყველაზე მაღალი ხარისხით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში, საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი ბერაიამ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისი მისიებში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეს, ჩვენი ქვეყნის დაცულობასა და უსაფრთოხებას დიდწილად სწორედ თავდაცვის ძალები უზრუნველყოფენ და მნიშვნელოვანწილად, სწორედ თავდაცვის ძალები ქმნიან ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, მის ავტორიტეტსა და წარმატებას.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ბერაიამ საქართველოს თავდაცვის სისტემის მიერ განვლილი პერიოდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემამ არაერთი რთული პერიოდი გაიარა, უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია განიცადა და ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდა. მისივე შეფასებით, დაარსებიდან 30 წლის იუბილეს თავდაცვის ძალები გაძლიერებული შესაძლებლობებით, საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ყველაზე მაღალი ხარისხით ხვდება.

„ეს არის კონდიცია, რომელსაც მივაღწიეთ როგორც თავდაცვის რეფორმებით, თავდაცვისთვის შესაბამისი რესურსების მობილიზებით, წვრთნებითა და სამხედრო განათლებით, შეიარაღებითა და აღჭურვილობით, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხრიდან პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის შედეგად. საქართველოს თავდაცვა მთლიანად ეფუძნება ნატოს განახლებული შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ტოტალური თავდაცვის პრინციპს",- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, წარმატებით ხორციელდება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, მიმდინარეობს ქართული დანაყოფების ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვა, მიღწეულია დაკომპლექტების მაღალი ხარისხი, სამანევრო დანაყოფების სტანდარტიზაცია როგორც აღჭურვილობის, ასევე სტრუქტურული თვალსაზრისით.

„ ჩვენს არსენალშია უახლესი ანტისატანკო შეიარაღება და საჰაერო თავდაცვის სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საარტილერიო, საავიაციო, სადაზვერვო, სპეციალური ოპერაციებისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული სამსახურისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას",- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.



თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა ისიც, რომ თავდაცვის ძალებს განსაკუთრებით პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი გამოარჩევს. მისი თქმით, ქართული დანაყოფები არიან წარმოდგენილი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ იმ საფრთხეების წარმოშობის ადგილზე ჩახშობაში, რაც საფრთხეს უქმნის არამარტო ჩვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, არამედ საქართველოს პარტნიორებსაც.

ირაკლი ბერაიამ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს მთავარ სტრატეგიული პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუხადა მადლობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში გრძელდება მასშტაბური რეფორმები, მიმდინარეობს თავდაცვის სისტემის ადაპტაცია ჩვენი ქვეყნის საფრთხეებთან და გამოწვევებთან. „თავდაცვის ძალები ყალიბდება, პირველ ყოვლისა, პოტენციური აგრესიის შემაკავებელ და შემდეგ უკვე, მორეაგირე ძალად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის ელემენტის ეფექტიან მიწოდებას",- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.