გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დედის და შვილის გამყოფი ჭიშკარი სოფელ აბრევთან

27-03-2018

სოფელ აბრევში ცოლ-ქმარი ნინო ოდიშვილი და ვოვა ბოლოთაევი ცხოვრობენ. მათ საკუთარი სახლი, რომელიც სოფელ მსხალებში ჰქონდათ, დაენგრათ და იძულებული გახდნენ საცხოვრებლად აბრევში გადასულიყვნენ. მსხალებიც და აბრევიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებულ ტეიტორიაზე მდებარეობს.

აბრევი ემიჯნება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს. აბრევის ,,ჭიშკრამდე" მანძილი საკორინთლოს ბოლო სახლიდან სულ რაღაც 500 მ-ია. ამ გზაზე ერთხელ უკვე დააკავეს ნინოს დედა, ნუნუ ოდიშვილი.


,,ჩემი შვილი, ოჯახთან ერთად, მაგ სოფელში ცხოვრობს. უფრო სწორად, მანამდე მსხალებში ცხოვრობდა. იქ მეწყერი ჩამოწვა, სახლი სულ დაენგრათ და იძულებული გახდნენ აბრევში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. აბრევში ისეთ ძველ სახლში ცხოვრობენ, გული მეწვის მათი მდგომარეობით. 2008 წლის ომამდე მივდიოდი ხოლმე. ქვემო ჭალის მიკროავტობუსს მივდევდი, რომელიც საკორინთლომდე ადიოდა. საკორინთლოდან კი, ფეხით დავადგებოდი გზას ხოლმე. 2008 წლის ომის მერე აღარ მიშვებენ.“ - ამბობს ნუნუ ოდიშვილი.

ერთხელ, შვილსმონატრებულმა გადაწყვიტა აბრევში შესვლა, თუმცა ძვირად დაუჯდა.

,,ერთხელ ავიღე ჩანთა, ჩავაწყე შაქარი, ზეთი, რაღაც საჭმელები და დავადექი გზას. ჩემი შვილისა და შვილიშვილების ნახვა მინდოდა, მაგრამ დამიჭირეს. ამოვყავი თავი წინაგარაში. ჩემი სიძე ეხვეწებოდა, ავადმყოფი ქალია, ნუ ჩასვავთ იზოლატორშიო. გადამიხადა ჯარიმა სიძემ და მეორე დღესვე გამომიშვეს. მეგონა მოკლეზე გადავიდოდი ჩემი შვილის სანახავად, მაგრამ გრძელი გზა გამომივიდა. მომატარეს მერე მთელი სოფლები. ერგნეთში გადმოსცეს ჩემი თავი პოლიციას. მერე იქაც დაკითხვები და მოკლედ ძლივს დავბრუნდი სახლში“ - იხსენებს ნუნუ ოდიშვილი. 

ის ამჟამად კასპში ცხოვრობს. მუშაობს ,,კასპიცემენტის“ ქარხანაში. ნუნუ ოდიშვილის მეორე ქალიშვილი ავნევიდან დევნილია. დევნილი ოჯახი კი, ხაშურის რაიონში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

,,ყველაზე ძალიან მაინც ნინოს ბედი მაღელვებს. კი მეუბნებიან ხოლმე ტელეფონით, კარგად ვართო, მაგრამ მე არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ?!“ - ამბობს ნუნუ ოდიშვილი.

დედის თქმით, აბრევში, ამჟამად, ცოტა ხალხი ცხოვრობს. სკოლაში პირველი მერვე კლასის ბავშვები ერთ ოთახში სწავლობენ. ნინო ოდიშვილს და ვოვა ბოლოთაევს სამი შვილი ჰყავთ. უფროსი შვილი მეხუთე კლასში, უმცროსი - მეორეში.

,,ომი რომ დაიწყო (2008 წელი - რედ), უფროსი შვილი ძალიან პატარა იყო. შეშინებული ჩემი გოგო შვილთან ერთად აქ კასპში ჩამოვიყვანე. როცა დაწყნარდა სიტუაცია, ისევ იქით, ქმართან წავიდა“ - ამბობს ნუნუ ოდიშვილი.


2018 წლის 18 მარტს, დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტარები ილია ხუბულოვი და იგორ ჩოჩიევი სოფელ აბრევს ესტუმრნენ. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოსურმა სააგენტო ,,რესმა“ გაავრცელა. სააგენტო წერს, რომ პარლამენტარებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. ერთ-ერთი ადგილობრივი, სწორედ, ნინო ბოლოთაევი აღმოჩნდა.

აბრეველებმა პარლამენტარებს განუცხადეს, რომ სოფელში არ არსებობს სამედიცინო პუნქტი, ასევე, არ არის მოწესრიგებული გზა, რომელიც ცხინვალს და ახალგორს უკავშირდება. აბრევიდან ახალგორამდე მანძილი 55 კმ-ია.

სტატიის მიხედვით, სოფელში მცხოვრებმა ნინო ბოლოთაევმა პარლამენტარებს სოციალური პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, დახმარება სთხოვა. როგორც გაირკვა, მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტი არა აქვს. პარტია ,,ერთიანი ოსეთის“ წარმომადგენლებმა ნინო ბოლოთაევს უთხრეს, რომ საკითხის მოუგვარებდნენ.


რადგანაც სოფელი აბრევი ეკუთვნის ახალგორის რაიონს, ამ რაიონში მცხოვრებნი დღემდე ელოდებიან ორმაგი მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას. ,,ეხოკავკაზა“ წერს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალგორის რაიონის იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც ეთნიკური ქართველები არიან.

ბოლო პერიოდში, ცხინვალის მთავრობა ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები პასპორტი გასცეს ეთნიკური ქართველების მიმართ. ,,ეხოკავკაზას“ ჟურნალისტი ცხინვალიდან წერს, რომ ქართველები მეორე პასპორტითაც სარგებლობენ, რაც დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია.

ცხინვალში, ,,სამხრეთ ოსეთის“ პასპორტის აღების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს პასპორტი, შეადგინოს განაცხადი და დაწეროს, რომ ის უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე.

,,ამ შემთხვევაში, არსებობს მეორე გზა. ვიდრე საქართველოს პასპორტს ჩააბარებენ, მანამდე, თბილისში ჩადიან და იღებენ ახალ პასპორტს. ძველ ქართულ პასპორტს კი, ცხინვალში აბარებენ. ამ სისტემის წინააღმდეგ, დე-ფაქტო რესპუბლიკი მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა, სადაც განიხილავენ იმ პირთა მოქალაქეობის საკითხს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის პასპორტის აღება სურთ“ - აღნიშნავენ ჟურნალისტები.


qartli.ge