27-03-2018
ქუთაისის "მადლიერების სახლიდან" 4 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, ახალი ხელმძღვანელი მათ პიროვნული ნიშნით დევნიდა. მათი თქმით, თამთა ბაკურაძემ "მადლიერების სახლში" არასასურველი კადრები არაკანონიერად გაათავისუფლა.
"თამთა ბაკურაძე არის ქუჩური მენტალიტეტის, მას არანაირი პიროვნული ღირსება არ გააჩნია. ყველა თანამშრომელს ლანძღავს და შეურაცხყოფას აყენებს. ოთხი თვეა პარალიზებულია ჩვენი ორგანიზაცია. მისი მოსვლის შემდეგ, სიიდან ამოიყვანეს 121 ადამიანი, რომ შევეწინააღდმეგე და ვუთხარი, რომ ეს ადამიანები ნამდვილად შეჭირვებული არიანმეთქი, აქეთ შემომედავა. გიგა შუშანია უშვერი სიტყვებით ლანძღვა საკრებულოზე, როგორ გაიტანა ეს ამბავიო. 6 წელია ვმუშაობ აქ და ამ დრომდე არანაირი შეფერხება არ ყოფილა. დღეს ჩაგვაბარა გათავისუფლების შესახებ ბარათები, ეს არის უკანონობა. რეორგანიზაცია 8 იანვარს დაიწყო და ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღესაც გრძელდება", -განაცხადა მაგული გიორგაძემ.
გიორგაძეს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. სამსახურიდან გათავისუფლდნენ მონიტორინგის ჯგუფის 2 თანამშრომელი და თამთა ბაკურაძის მოადგილე. თანამშრომლებმა უკვე მიმართეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას".
ბენეფიციართა სიის შემცირების გამო თანამშრომლებმა მიმართეს პარლამენტს და საკითხის შესწავლა მოითხოვეს.
"მოვიდნენ და შეამოწმონ, როგორ მუშაობდა "მადლიერების სახლი", ყველა დოკუმენტი არსებობდა და ჩვენ არაფერის გვეშინია, აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას", -განაცხადა მაგული გიორგაძემ.
მაგული გიორგაძის თქმით, თამათა ბაკურაძემ სამსახურში მიიღო ელისო ქაროსანიძე, რომელიც სამსახურში არ დადის და 800 ლარს იღებს, ასევე სამსახურში არ დადის შესყიდვების უფროსი.
ბრალდებებს მერიაში პასუხობენ. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, გათავისუფლება მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებამ გამოიწვია.
"გათავისუფლებული თანამშრომლები არიან მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ეს ჯგუფი გაუქმდა, მათი ფუნქციები დაეკისრათ მერის წარმომადგენლებს. მათ კარგად იციან მათ უბნებში მოქალაქეთა მდომარეობა. მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებით დაიზოგა თანხები, რასაც ოპოზიციაც ითხოვდა", -აცხადებენ მერიაში. მათი თქმით, ბრალდება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, არასწორია.
თამთა ბაკურაძე ააიპში 2017 წელს დაინიშნა. ის "ქართული ოცნების" შტაბში არჩევნების სპეციალისტი იყო.