გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ხოჯევანიშვილი: აუცილებელია, ნატოს სამიტის წინ გავაქტიურდეთ და საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ

13-05-2021

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს სამიტზე უკრაინის საკითხთან ერთად საქართველოს საკითხიც იქნეს განხილული. ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს გააქტიურება და დამატებითი ძალისხმევა.

„ზუსტად ერთ თვეში ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართება და ამ სამიტის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემო და კითხვა არსებობს. პირველი საკითხი - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის და ნატოსთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში მოქცეულია მხოლოდ უკრაინა. საინტერესოა რატომ და რით არის განპირობებული ეს? ჩნდება კითხვა - ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობით და კონკრეტული გეგმის არ არსებობით? ბუნებრივია, ბოლო დროინდელი უკრაინის გარშემო რუსეთის აგრესიული ქმედებები დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში „ბორდერიზაციის" და დესტაბილიზაციის მრავალი და თითქმის ყოველდღიური შემთხვევები გვაქვს. აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ნატოზე დამოკიდებული და მოითხოვს ჩვენს აქტიურ ძალისხმევას. გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით. ასევე დავამატებდი, რომ მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებში უფრო აქტიური თანამშრომლობა, რათა საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების და ფორმალობის ნაწილში. რაც შეეხება მეორე საკითხს - ავღანეთში სრულდება ჩვენი სამშვიდობო მისია და საერთაშორისო მისიებში მასშტაბური სამხედრო მონაწილეობა იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ნატოსა და მოკავშირეებთან საუბრისას. რა გეგმა გვაქვს, როდესაც ეს დასაყრდენი წლის ბოლომდე აღარ იქნება? აქ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატოსთან და მოკავშირეებთან ახალი დღის წესრიგის შექმნა და ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებებია, დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო და ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ პრო აქტიურად წარმოაჩინოს საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.