გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი გვაქვს

13-05-2021

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ძალების მზადყოფნის განვითარებისთვის საერთაშორისო პარტნიორების ქმედით მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში მინისტრმა ნატოსთან მზარდი თანამშრომლობა აღნიშნა და განაცხადა:

„ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან არის მზარდი და ეფუძნება პრინციპს „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. დღეის მოცემულობით ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის და საქართველო, მისი თავდაცვის ძალები ამ თვალსაზრისით სრულად არის მზად ნატოში გაწევრიანებისთვის“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი მაგალითად მოიყვანა.

„ორი კვირის წინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემასპინძლა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ჩვენს ჯარს 30 წლის იუბილე მიულოცა. ნატოს ხელმძღვანელი პირების საქართველოსადმი და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოიხატება პრაქტიკულ დახმარებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პაკეტით 16 ინიციატივა განისაზღვრა, მოხდა 2 ინიციატივის - ლოჯისტიკური შესაძლებლობებისა და სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის დასრულება, ხოლო პაკეტს 3 ახალი ინიციატივა დაემატა. მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩამოყალიბდა სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის მართვის დეპარტამენტი, რომელიც ნატოს სტანდარტებისა და კოდების მინიჭების ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

„საქართველო, თავის მხრივ, რჩება ერთგული ნატოს ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მოთხოვნის, მშპ-ის2%-ის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფის შესახებ. საქართველო ასევე, იცავს ნატოს სხვა ფინანსურ მოთხოვნებს და მისი თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი შეიარაღების შეძენაზე იხარჯება, ხოლო პერსონალზე დანახარჯი რჩება დაახლოებით 50%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებისას.