სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მეშვეობით მავნებლის იდენტიფიცირება და გავრცელების არეალის დადგენა მოხდება, შედეგების მიხედვით კი მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიგეგმება.
გურჯაანში მონიტორინგის სისტემების განთავსების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.
„ეს არის სპეციალური ფერომონები, მიმზიდველები, რომლებიც მავნებელს იზიდავენ. ფაროსანას დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. კახეთის რეგიონში მონიტორინგი გასულ წელსაც ჩატარდა. მავნებლის გავრცელებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დაკვირვება წელსაც გაგრძელდება. სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 ათასი დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა, შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც მონაცემები აისახება. 2018 წლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მასშტაბური მონიტორინგი წელსაც ჩატარდება.
აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.
ორი კვირის წინ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების რისკი დაბალია და კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.