გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას

14-05-2021

"ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის შენობასთან ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ქართული კულტურის განვითარებაში ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორიალური დაფის გახსნა კიდევ ერთხელ გამოხატული მადლიერებაა იმ უდიდესი ღვაწლისათვის, რაც ანზორ ერქომაიშვილმა ქართული კულტურისთვის და საქართველოს წინაშე გასწია.


„მე მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს, ქალბატონ ლალის. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ ქართველს, დიდ გურულს და მე ვიტყოდი, მსოფლიო დონის კულტურის მოღვაწის, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლზე და მის საქმეზე, რომელიც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მან პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს მიენიჭა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი, მისი სახელის უკვდავსაყოფად. ეს ასეც არის და ასე იქნება მუდმივად. მინდა აღვნიშნო დიდი პატივისცემით, რომ საქმეს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა დაიწყო, უზარმაზარი საგანძური, რომელიც შემოგვინახა და დაგვიტოვა, ღირსეულად აგრძელებს ბატონი გიორგი დონაძე. მე მინდა მას მივესალმო განსაკუთრებით და როგორც ბატონი ანზორის გამორჩეულ მოწაფეს და მისი საქმის გამგრძელებელს, მინდა ვუსურვო დიდი წარმატებები და მადლობა ვუთხრა მას ბატონი ანზორის საქმის გაგრძელებისთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალს ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე დაესწრნენ.