16-05-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.
შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა.
მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი.
ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.