ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ, დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობიდან გადაყენება „ქართული ოცნების“ 13 წევრმა მოითხოვა. მათ „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრიც შეუერთდა. ლეიბორისტული პარტიიდან საკრებულოს წევრის გიორგი გიუაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ტატა მარტინენკომ და მამუკა ლურსმანაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს, ხელი პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის მითითებით მოაწერეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეიძლება წერილობით დასვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-მა. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ საკრებულომ არ მიიღო გადაწყვეტილება თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
ბორჯომის საკრებულომ 16 მარტს მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე, შესაბამისად არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა, რის გამოც მერიის თანამშრომლები მესამე თვეა ხელფასს ვერ იღებენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, რომელმაც მერიას ხელფასების გაზრდაზე უარი უთხრა. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მერი და მერიის თანამშრომლები გაიფიცნენკიდეც.
საქართველოს მასშტაბით ოპოზიციას უმრავლესობა მხოლოდ ბორჯომის საკრებულოში აქვს.