28-03-2018
მესტიის მუნიციპალიტეტის ორი ააიპ-ის ხელმძღვანელი მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. სახელოვნებო სკოლის ყოფილი დირექტორის მაია კახიანისა და ააიპ კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ნარგიზ ნიგურიანის მტკიცებით, ისინი პოსტებიდან იმის გამო გაუშვეს, რომ ჰესების საწინააღმდეგო აქციებზე გამოდიოდნენ და საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ.
„2004 წლიდან ვმუშაობ ამ აიპის ხელმძღვანელად, რომელიც საკმაოდ წარმატებულია. დეკემბერში, როგორც კი ერთ აქციაზე გავედით და ახალგაზრდებს დავუჭირეთ მხარი, მეორე დღესვე გაიტანეს საკრებულოზე აიპების გაერთიანების საკითხი და ორი დღის წინ მოიყვანეს სისრულეში“, - უთხრა რადიო „ათინათს“ნიგურიანმა.
ამავე პოზიციას იზიარებს ააიპ სახელოვნებო სკოლის ყოფილი დირექტორიც. მაია კახიანი ამბობს, რომ შესაძლო გაერთიანების შესახებ დეკემბერში მას შემდეგ გაიგო, რაც აქციაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც მერთან გასაუბრება გადაწყვიტა, თუმცა ჟორჟოლიანმა მასთან შხვედრა არ ისურვა.
„სახელოვნებო სკოლა, რომელშიც სულ რამდენიმე ხნის წინ რამდენიმე სკოლა გაერთიანდა, გააუქმეს. ესეც თავისთავად უკანონობაა. რა თქმა უნდა, გარდა პოლიტიკურისა, სხვა მიზეზი არ არის“, - აღნიშნა კახიანმა.
სამსახურიდან საზოგადოებრივი აქტიურობის გამო გათავისუფლებაში ადანაშაულებს მერს ააიპ კულტურის სამსახურის თანამშრომელი მანანა საღლიანი და კახიანისა და ნიგურიანის პოზიციებს იზიარებს.
გათავისუფლებულები ბრძოლის გაგრძელებას სამართლებრივი გზით აპირებენ.
გარდა ამისა, ყოფილი საჯარო მოხელეები მერს კორპუფციაშიც ადანაშაულებენ და უწყებაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვენ.
თავის მხრივ, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და ეს ჰესების საწინააღმდეგო აქციებს არ უკავშირდება.
„ორი თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება კულტურის სამი ააიპ-ის გაერთიანების შესახებ. საუბარია სახელოვნებო სკოლაზე, თეატრსა და კულტურის სამსახურზე. მათ იცოდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. სიმართლე გითხრათ, ნიგურიანმა მას შემდეგ დაიწყო აქციებზე სიარული, რომ ამას პოლიტიკური ელფერი ჰქონოდა. რაც შეეხება საღლიანს, მისი გათავისუფლების ბრძანება არ არსებობს, თუმცა, ერთი თვეა სამსახურში არ გამოცხადებულა და ალბათ, ახალი ხელმძვანელი გაუშვებს“, - თქვა ჟორჟოლიანმა.
ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნაზე აუდიტის სამსახურთან დაკავშირებით კი, მერი ამბობს, რომ ამისთვის მზად არის და ეს უარყოფით შედეგებს არა მას, არამედ სწორედ გათავისუფლებულებს მოუტანს.
სვანეთში ჰესების მშენებლბას ადგილობრივვი მოსახელობის ნაწილი აპროტესტებს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონის ეკოსისტემას დააზიანებს. ისინი მშენებლობის დაწყებამდე პროექტების საჯარო განხილვასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ მშენებლობებს არ დაუშვებენ.
რადიო "ათინათი"