22-05-2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს რეგიონებში გასვლით
სხდომებს აგრძელებს. ამჟამად კომიტეტი ზემო აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო. სხდომის დასაწყისში ღნისძიების მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მიესალმა.
„მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა და მოსმენა, რისთვისაც კომიტეტი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და სხდომის მიმდინარეობისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ბევრ საინტერესო კითხვას მოვისმენთ და ერთად ვიმსჯელებთ არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, როგორიცაა მთანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემების და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა რჩება ისეთი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზა, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ უკვე ეს პროექტიც დაიწყო და მისი მიმდინარეობის შესახებ მოვისმენთ ინფორმაციას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების დასწრების ფაქტს მიესალმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენად ცხარე დებატები იქნება, დარწმუნებულია, რომ იმ საკითხებზე რაც საერთა და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტას ეხება, ოპოზიციასთან საერთო ხედვის გამონახვა მოხერხდება და არაპოლიტიკურ თემებზე დებატები გაიმართება.
„რა თქმა უნდა პარლამენტი პოლიტიკური დებატების ადგილია და კომიტეტიც ვერ იქნება გამონაკლისი, მაგრამ მირჩევნია კომიტეტში მეტად ვკონცენტრირდეთ კონკრეტულ თემებზე. ჩემთვის ეს არის ადგილი, სადაც უნდა ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ რეგიონები და სწორი კანონმდებლობა მივიღოთ. საქართველოსთის ყველა ერთ მხარეს ვდგავართ, გარკვეული პოლიტიკური განსხვავებები იქნება და ეს ბუნებრივია", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა აქტიურად ხორციელდება და ტერიტორიაზე შენდება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნება.
„აჭარაში აქტიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. დასრულდა ბათუმის სტადიონის მშენებლობა, დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 3400 მაყურებელზეა გათვლილი. დაიწყო ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა ჩაქვში. შემუშავდა მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რაც ასახულია 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროექტი აქტიურ ფაზაშია და მოხდება 15 200 აბონენტის გაზიფიცირება. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მიმდინარეობს, რომელითაც 6000 მდე ოჯახი ისარგებლებს წყლის თანამედროვე სისტემით.
აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამ პროექტის განხორციელებით აჭარაში გადაიჭრა წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, დაიხურება ბათუმის ღია ნაგავსაყრელი და თანამედროვე ნარჩენების მართვის ობიექტი დაიწყებს ფუნქციონირებას",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
კომიტეტის სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ინფორმაციის წარდგენით გაგრძელდა.
სხდომის დასასრულს, გასვლითი საკომიტეტო სხდომის შედეგები, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.
„ძალიან საინტერესო გასვლითი სხდომა გავმართეთ მაღალმთიან აჭარის რეგიონში, სადაც მოვისმინეთ მთელ აჭარაში არსებული მდგომარეობა, ის პრობლემები და გამოწვევები, რაც რეგიონს აწუხებს. გვაქვს ისეთი მიმართულებები, სადაც სერიოზული წინსვლა და პროგრესი შეინიშნება, მაგალითად მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება უნიკალური პროგრამაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სოფლამდე უნდა მივიდეს. ასევე ხდება ბათუმის ახალციხესთან დაერთება, რომელიც ალტერნატიული სტრატეგიული მაგისტრალი. აქვე უნდა აღინიშნოს მთელ აჭარაში წყლის და წყალარინების 4 წლიანი მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც მუნიციპალური ცენტრები და რიგი სოფლების ნაწილი 24 საათიან წყლის მომარაგებით ისარგებლებს. არის პროექტები, რომლებზეც წლებია ვსაუბრობთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მათი დაწყება გაიწელა, თუმცა ამ მხრივაც პროცესი დაწყებულია და ველოდებით მათ შედეგებს. კარგი იყო, რომ დღეს ოპოზიციამ პირველად მიიღო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა და უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათი შენიშვნა და წინადადება საკმაოდ კონსტრუქციული იყო. იმედი მაქვს ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება გაგრძელდება არა მხოლოდ საკომიტეტო სხდომებზე, არამედ მთელ საპარლამენტო საქმიანობისას", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.