გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კობა კობალაძემ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგო

22-05-2021

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და უწყების წარმომადგენლები, წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ.

გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი მიუძღვის 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში, რომლის პირველი ხელმძღვანელი თავად გახლდათ. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა. დაკრძალული იყო ლევილში.

2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში ჩამოსვენების თემაზე მუშაობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო; მისი ძალისხმევით, ემიგრაციაში გარდაცვლილ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.