28-03-2018
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. N46 ბინასთან სკვერში მშენებლობა აღარ განახლდება. ქუთაისის მერიამ დღეს შპს „იმერეთს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. ქუთაისის მერიამ აღნიშნული მშენებლობის ნებართვა ერთი თვის წინ შეაჩერა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბათილად სცნო. ამის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ტერიტორიაზე მშენებლობა აღარ გაგრძელდება.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მერია მზად არის კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და ალტერნატიული ფართი შესთავაზოს. „ეს იყო ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რაც შეიძლება მეტი მწვანე ზოლი და რეკრეაციული ზონა უნდა ჰქონდეს ქალაქს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სკვერებში უსახური და უნებართვო მშენებლობები. ჩვენ შევაჩერეთ ერთი თვის წინ სამუშაოები და რადგან სასამართლომ ბათილად სცნო ეს გადაწყვეტილება, ამჯერად უკვე გავაუქმეთ ადგილზე ყველანაირი შენობა-ნაგებობის აშენების ნებართვა. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, ჩვენ ბიზნეს სექტორის ინტერესებსაც ვითვალისწინებთ და არ ვტოვებთ მათ შეთავაზების გარეშე. იმ ადამიანებს, ვისაც აქ მშენებლობა სურთ, შევთავაზებთ ალტერნატიულ ფართს", -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობას ქუთაისის მერმა თავად გააცნო.
"ინტერპრესნიუსი"