გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აგვისტოს ომის ფეთქებადი ნარჩენები

29-03-2018



რუსული სამხედრო ბაზა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სოფლები მერეთიდან ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მერეთი, ისევე როგორც ახალდაბა, შინდისი, ბროწლეთი და გორის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები, რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრში იყო და რუსული ავიაციის მხრიდან ინტენსიურად იბომბებოდა.

აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, თუმცა ომის კვალი ამ სოფლებს ახლაც ეტყობა. აქ თითქმის ყოველი მეორე სახლის კედლებსა თუ რკინის ჭიშკრებს ტყვიების, ჭურვების ნამსხვრევებისა და ხანძრის კვალი ამჩნევია.

ახლა აქ სიმშვიდეა. სიჩუმეს მარტო ჩიტების ჭიკჭიკი, ტრაქტორების ხმა და ნაკვეთებში სამუშაოდ გასული გლეხების ერთმანეთში გადაძახილი არღვევს. გაზაფხული აქ ყველაზე აქტიური სეზონია – ყველა საკუთარი ნაკვეთის მოწესრიგებას ჩქარობს.

სოფლის მეურნეობა ამ რეგიონის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აქაური მაცხოვრებლების უმეტესობა ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღებს ამუშავებს, ჰყავთ საქონელი და ასე არჩენენ ოჯახებს.

მერეთელი ივანე ბაიაძე ვაშლის ბაღში დადის და ხეხილს საგულდაგულოდ ამოწმებს.

“შარშან ვაშლს ფასი ჰქონდა. უკმაყოფილოები არა ვართ. ხალხს იმედიც მიეცა და შრომის ხალისიც. ამიტომ წელს ყველა გამოვიდა სამუშაოდ”, – გვეუბნება ივანე.

სულ რამდენიმე წლის წინ აქ მიწას არავინ ამუშავებდა, რადგან ნაკვეთებში დროდადრო ჭურვების ნარჩენები ფეთქდებოდა.

ტყვიებით დახვრეტილი რკინის ჭიშკრები და ფანჯრის დამწვარი ჩარჩოები სახლის მეპატრონეებს ამ ომის დავიწყების საშუალებას არ აძლევს.


კასეტური ჭურვები – მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე დიდი მტერი


2008 წლის აგვისტოს ომში როგორც რუსეთი, ისე ქართული მხარე კასეტურ ჭურვებს იყენებდნენ, რომლებსაც განსაკუთრებული ზიანის მიყენება შეუძლია. ამის შესახებ ვრცელი ანგარიში ომიდან რვა თვის თავზე მოამზადა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა. ანგარიშში ეწერა, რომ ჭურვები და ჭურვის ფეთქებადი ნარჩენები მიმოფანტული იყო კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში – საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სკოლაში, მინდვრებში, სადაც მოსახლეობა მიწას ამუშავებდა, ფერმებში, სოფლის გზებსა თუ ბილიკებზე, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

მიუხედავად Human Right Watch-ის მიერ შეგროვილი არაერთი მტკიცებულებისა, და ასევე განმაღმველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნებისა, რუსეთი დღემდე უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტს. ქართულმა მხარემ აღიარა კასეტური ბომბების გამოყენება, თუმცა განაცხადა, რომ ამ ბომბებს უშუალოდ რუსული სამხედრო ბაზების მიმართულებით იყენებდა.

ომის აქტიური ფაზის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი დიდწილად სწორედ კასეტური ბომბების აფეთქებას უკავშირდება.

თუმცა, მსხვერპლი ამ ტიპის იარაღს ომის შემდეგაც მოჰყვა. სულ აუფეთქებელი კასეტური ჭურვებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების შედეგად კონფლიქტის ზონის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 19 ადამიანი დაშავდა,  6 გარდაიცვალა.

ამჟამად ეს ტერიტორია კასეტური ბომბებისგან გაწმენდილია, თუმცა აქ დღემდეა დარჩენილი მათი კვალი – დასახიჩრებული ადამიანები, დანგრეული სახლები, რომელთა აღდგენაც ბევრმა ოჯახმა დღემდე ვერ მოახერხა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო და მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა – აქაურები ჰყვებიან, რომ აფეთქებული ჭურვების ხმა ხშირად დღემდე ჩაესმით.

ზურაბ ზარიძე სოფელ მერეთში ცხოვრობს. მას დიდი ვაშლის ბაღი აქვს და ამ მოსავლით არჩენს ოჯახს. ის, რომ დღეს ზურაბი ცოცხალია, მხოლოდ შემთხვევითობაა.

ორი წლის წინ, როდესაც ის საკუთარ ნაკვეთს ტრაქტორით ამუშავებდა, გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა. ძლიერმა ტალღამ ის ტრაქტორიდან ჩამოაგდო და რამდენიმე მეტრის მოშორებით მოისროლა. ზურაბს დღემდე ორგანიზმში 13 ნამსხვრევი დარჩა.

ამ აფეთქების შემდეგ ბრიტანულმა ორგანიზაცია „ჰალო თრასთმა”, რომელიც კონფლიქტის ზონაში ომის ფეთქებადი ნარჩენების განაღმვაზე მუშაობს, ზარიძეების ნაკვეთიდან 837 სხვადასხვა სახის ფეთქებადი საბრძოლო მასალა ამოიღო.

მშვიდი ცხოვრების უფლება

თანდიაშვილების სახლს სოფელ ახალდაბაში ახლაც ეტყობა ომის კვალი: კედლებზე ალაგ-ალაგ ბათქაშია ჩამოყრილი, მეორე სართულზე ფანჯრები ჩამსხვრეულია და ცელოფანი აქვს გაკრული. სოფელი აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, თანდიაშვილების სახლს S8 ტიპის რაკეტა დაეცა. 10 წელი გავიდა, მაგრამ ქეთევან და ნიკოლოზ თანდიაშვილებს სახლის რემონტის საშუალება არ აქვს.

ქეთევან თანდიაშვილი იხსენებს, რომ მათი სახლი სასწაულით გადარჩა აფეთქებას:

“მთელი სოფელი იბომბებოდა, მეზობლების სახლები იწვოდა. ერთი ბომბი ზუსტად ჩვენი ჭიშკრის წინ აფეთქდა. მეორე ჭურვი სახლში ჩავარდა. როცა სახლში შევედით, ვნახეთ რომ ჭერი ჩამონგრეული იყო, იატაკი კი გახვრეტილი”.

გამნაღმველებმა ოჯახს უთხრეს, რომ რაკეტა შეიძლებოდა ნებისმიერ წამს აფეთქებულიყო. საბოლოოდ, მისი გაუვნებელყოფისთვის ორი მეტრის სიღრმის ორმოს ამოთხრა და რამდენიმედღიანი მუშაობა დასჭირდა.

ბროწლეთში მცხოვრები, ოთხი შვილის მამა ქართლოს სურამელი ეზოში მაყვალს სხლავს. საკარმიდამო ეზოდან, სადაც ახლა სურამელებს პამიდორი, ვაშლი და ქლიავი მოჰყავთ, 2008 წელს გამნაღმველებმა კასეტური ბომბის 160 ნარჩენი და 11 ფეთქებადი ნაწილი გაიტანეს. თვითონ ქართლოსი კი დაიჭრა:

“კასეტური ჭურვის 16 ნამსხვრევი დღემდე სხეულში მაქვს დარჩენილი”, – ამბობს ის.


ქართლოს სურამელი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. მის ნაკვეთზე გამნაღმველებმა 160 აუფეთქებელი ნარჩენი იპოვეს. სოფელი ბროწლეთი, მარტი, 2018. JAMnews/ დავით ფიფია


აგვისტოს ომის შემდეგ კონფლიქტის ზონის კასეტური ბომბების ნარჩენებისგან გაწმენდას ერთი წელი დასჭირდა. მთავარი სამუშაო  “ჰალო თრასთმა” ჩაატარა.

რადგან სამუშაო ძალიან ბევრი იყო, 2008 წელს ამ ორგანიზაციამ 150 ადგილობრივი მაცხოვრებელი დაიქირავა. ისინი დაატრენინგეს და შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვეს.

მათ შორის იყო მეღვრეკისელი გიორგი მაისურაძეც, რომელმაც ბომბებისგან ჯერ საკუთარი კარ-მიდამო გაწმინდა და შემდეგ მთელი სოფლის მასშტაბით მუშაობდა.

“ძალიან რთული სამუშაო იყო. სპეციალური ხელსაწყო სიგნალს რომ მოგვცემდა, მერე იმ ადგილს მოვნიშნავდით და ვთხრიდით. შემდეგ ნაპოვნ ბომბს ტროტილით ვაფეთქებდით. უამრავი ბომბი მაქვს ნაპოვნი მე პირადად. ყოველი მილიმეტრი გვაქვს მოვლილი. მას შემდეგ აქ არაფერი აფეთქებულა,” – ჰყვება გიორგი მაისურაძე.

აგვისტოს ომის შემდეგ იგი დაოჯახდა და ახლა უკვე 2 პატარა ბიჭი ჰყავს.

როგორც ყველა მისი თანასოფლელი, გიორგიც თავის  ნაკვეთში მოყვანილი მოსავლით არჩენს ოჯახს. საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს:

“ძალიან რთული დრო გავიარეთ, რომ ჩვენს კუთვნილ მიწაზე მშვიდობიანი შრომის საშუალება მოგვეპოვებინა. იმედია, ნაღმების აღმოჩენაზე მუშაობა აღარასოდეს მომიწევს”, – ამბობს ის.


გიორგი მაისურაძე თავად მონაწილეობდა განაღმვით სამუშაოებში. ახლა ორ შვილს ზრდის და საკუთარი მეურნეობა აქვს. სოფელი მეღვრეკისი. მარტი, 2018 წელი. JAMnews/ დავით ფიფია


მშვიდობას აქაურები განსაკუთრებით აფასებენ. სოფელ მერეთთან ადგილობრივები რუსული სამხედრო ბაზისკენ მიუთითებენ, რომელიც იქვე, ხელის გაწვდენაზე ჩანს.

“რუსეთი არც თავის და არც ომის დავიწყების საშუალებას არ გვაძლევს. უმწეობის განცდაზე ძნელი არაფერი ყოფილა”, – ამბობს მერეთელი ვანო ბლიაძე და ჰყვება, როგორ განიცდიდა მთელი სოფელი 34 წლის არჩილ ტატუნაშვილის ამბავს.

“ვშრომობთ და დარწმუნებით ისიც კი არ ვიცით, რომ მოყვანილი მოსავლის აღებას შევძლებთ” – ამბობს ის. 


სოფლები, სადაც აუფეთქებელი მასალა დარჩა

მდინარე ლიახვის კალაპოტში, სოფელ ძევერასთან თეთრი, დაჯავშნული ექსკავატორი მიწის დიდ ფენას იღებს. გზის ნაპირზე მიწის რამდენიმემეტრიანი მონაკვეთი თეთრად შეღებელი ქვებით ზოლებადაა დაყოფილი. ამ ადგილას გამნაღმველები მეტალოდეტექტორებით ფეთქებად ნარჩენებს ეძებენ 


მიწის ყოველი სანტიმეტრი, 15 სმ-ის სიღრმეზე სკურპულოზურად მუშავდება. ერთი ნაღმმტყორცნის ყუმბარა დღესაც იპოვეს. ფეთქებადი ნარჩენი გამნაღმველებს მოშორებით, უსაფრთხო ადგილზე მიაქვთ და იქ აფეთქებენ.

ეს კასეტური ბომბები არაა – ამ ადგილას აგვისტოს ომის დროს რუსულმა ავიაციამ საბრძოლო ტექნიკით დატვირთული ქართული სამხედრო მანქანა ააფეთქა. ამ აფეთქების შედეგად ნარჩენებმა საკმაოდ დიდი ტერიტორია დააბინძურა. სწორედ ამ ნარჩენებს ეძებს ახლა “ჰალო თრასთი”

გამნაღმველებმა ძევერასთან 20 ნაღმსატყორცნის ჭურვი და 16 ცალი ინერტული (არასაბრძოლო მდგომარეობაში მყოფი) საბრძოლო მასალა უკვე იპოვეს. გაწმენდითი სამუშაოები აქ, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასრულდება.


გამნაღმველების კიდევ ერთი ჯგუფი ფეთქებად ნარჩენებს პარალელურად სოფელ დვანში ეძებს.



„ჰალო თრასთი“ ომის ფეთქებადი ნარჩენების განაღმვაზე შიდა ქართლში 2008 წლიდან, ომის აქტიური ფაზის დასრულების მომენტიდან მუშაობს.

2009 წლისთვის ამ ორგანიზაციამ ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან 18 სოფელი გაწმინდა,  ჯამში 34 მლნ კვ.მ. ამ ტერიტორიიდან 3 ათას 789 აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, მათ შორის 1 759 ცალი კასეტური ჭურვი ამოიღეს.

უფრო მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე. წ. ადმინისტრაციული საზღვარი გაივლო, ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების  – ზემო და ქვემო ნიქოზის, მერეთის, ერგნეთის და კნოლევის გაწმენდაც მოხერხდა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. როგორც  „ჰალო თრასთის” პროგრამის მენეჯერი ირაკლი ჭითანავა ამბობს, ამ რეგიონში დღემდე რჩება აუფეთქებელი საბრძოლო მასალა:

“შიდა ქართლში კვლავ რჩება რამდენიმე ადგილი, სადაც, შესაძლოა ომის ფეთქებადი ნარჩენები იყოს. ასეთი ადგილია მაგ. სოფელი ზემო ნიქოზი. ე. წ. ადმინისტრაციულ ზოლთან ახლოს ნაღმია ნაპოვნი, ამიტომ ის ადგილი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს. საწვრთნელი ჭურვებია ნაპოვნი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის ადგილზე. ყველაზე რთული მდგომარეობაა სოფელ ჩონთოსთან, იქ, სადაც 2008 წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. იმ ადგილზე 24 საავიაციო ბომბია დარჩენილი. თუმცა, იქ შესვლის უფლება  ჯერჯერობით, არ გვაქვს – იქამდე რომ მივიდეთ, ე. წ. ადმინისტრაციული ზოლი უნდა გადავკვეთოთ. 16 მარტს სოფელ დვანში ტექნიკური მოკვლევის სამუშაოები დავიწყეთ. აგვისტოს ომის შემდეგ იქ ერთ-ერთ ბავშვს ხელში საბრძოლო მასალა აუფეთქდა და თითები დაკარგა. ჯერჯერობით, არაფერი გვიპოვია. ჯამში, შიდა ქართლში დაახლოებით 20 000 კვ. მ. ფართის ტერიტორიაა კიდევ გასაწმენდი,”  – ამბობს ირაკლი ჭითანავა.

jamnews