გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახა იმნაძე: რუსეთის ოკუპაციამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება

29-03-2018

ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში ღია დებატები გაიმართა თემაზე: “Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations’ - Supporting greater impact and performance in today’s complex and high-risk environments”.

დებატებში მონაწილეობა მიიღო გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.

„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, რასაც ადასტურებს 22 თებერვალს იძულებით გადაადგილებული პირის/საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი წამების აშკარა კვალი“ - განაცხადა კახა იმნაძემ. 

როგორც გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არასდროს უსარგებლია სრული მანდატის სამშვიდობო ოპერაციით, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 1993 წლიდანგადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში უსაფრთხოების მიღწევის კუთხით. კახა იმნაძის განცხადებით 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროსსადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში ძალზედ საშიში პრეცედენტი შეიქმნა.

მუდმივი წარმომადგენლის შეფასებით UNOMIG-ის მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობის დასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა. მისი თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, ეს რეგიონები ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად და მსოფლიოში „ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად“ აქცია.

კახა იმნაძის განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული. 

„ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რაიმე პროგრესის, ან თუნდაც შინაარსიანი დისკუსიის გამართვა, ხოლო საბჭო დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკის უპირატესი მნიშვნელობა არ იძლევა ესოდენ საჭირო სამშვიდობო მანდატების შექმნის შესაძლებლობას კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს“ - განაცხადა კახა იმნაძემ.